ტომატში ჩაშუშული ხორცი ხვიჩა მაღლაკელიძისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.02, 2023 წელი

ხვიჩა მაღლაკელიძე საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇
ხორცეულზე ვგიჟდები, ძალიან მიყვარს. უარს ვერასოდეს ვიტყვი ხინკალზე, მწვადზე, ქაბაბზე. საუკეთესო კატლეტს ვამზადებ და ზოგადად, ვისაც ერთხელ მაინც გაუსინჯავს, დამეთანხმება, რომ ხორცისგან მომზადებული კერძების დიდოსტატი ვარ. ჩემი გურმანობის წყალობით, წონაში მოვიმატე. ჩემი ცოლი დიეტურ კერძებს მიმზადებდა, სარბენი ბილიკიც კი მიყიდა, მაგრამ რა ვქნა, მაინც ვერ ველევი გემრიელ ჭამა-სმას, თუმცა, ვცდილობ, სწორად ვიკვებო. მინდა, გაგანდოთ ტომატში ჩაშუშული საქონლის ხორცის ჩემეული რეცეპტი, რომელიც საშინლად გემრიელია, მადისამღვძვრელი და თან, სწრაფადაც მზადდება.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1,5 კილოგრამი საქოლის ხორცი
🔸 2 თავი ხახვი
🔸 1 ქილა თავის წვენში დაკონსერვებული პომიდორი
🔸 2 სადილის კოვზი ტომატ-პასტა
🔸 2 კბილი ნიორი
🔸 1 კონა ქინძი
🔸 1 კონა ოხრახუში
🔸 მარილი და დაფქული წითელი წიწაკა – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ხორცი დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად, გადაიტანეთ ქვაბში და დადგით მოსაშუშად. ცოტა ხანში დააყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მოურიეთ, თავსახური დააფარეთ და განაგრძეთ მოშუშვა. კარგად რომ ჩაიშუშება და სითხეს შეიშრობს, დაამატეთ იმდენი მდუღარე წყალი, რომ ხორცი დაიფაროს. ქვაბს ისევ დააფარეთ თავსახური, ცეცხლს დაუწიეთ, რომ ნელა იდუღოს. ხორცი რომ კარგად მოიხარშება, ნახარში ცალკე ჯამში გადაწურეთ. ხორცს დაუმატეთ დაკონსერვებული პომიდორი, ტომატ-პასტა და დაახლოებით, 10-15 წუთი დაბალ ცეცხლზე შუშეთ. შემდეგ დაუმატეთ თავისივე ნახარში. აკონტროლეთ, რომ კერძი ძალიან თხელი არ გამოვიდეს. ბოლოს, დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი, ნიორი, მარილი და წითელი წიწაკა.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან