თევზი ლიმონითა და როზმარინით ნუცა შანშიაშვილისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 26.09
ნუცა შანშიაშვილი საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇
გურმანი ვარ, მიყვარს უცხო და განსხვავებული კერძების დაგემოვნება. უპირატესობას ჯანსაღ კვებას ვანიჭებ. ვცდილობ, ვიკვებო ცოცხალი ბოსტნეულით, ორგანიზმი მძიმე საკვებით არ გადავტვირთო, რომ ამით ჩემს სხეულს ზიანი არ მივაყენო და წონაშიც არ მოვიმატო. ვერ შევიქებ თავს და ვერც ტყუილს ვიტყვი, გადასარევი კულინარი ვარ-მეთქი, თუმცა, რასაც მოვინდომებ, ვამზადებ და გემრიელიც გამომდის. ზოგადად, ადამიანისთვის ჯანსაღი და სწორი კვება, ვარჯიში და სუფთა ჰაერზე სიარული აუცილებელი პირობაა, თუ უნდა, დიდხანს და ჯანმრთელად იცხოვროს. შემიძლია, გასწავლოთ, თევზისა და ბოსტნეულის საკმაოდ მსუბუქი კერძის მომზადება. დარწმუნებული ვარ, თუკი მოინდომებს, ნებისმიერს გემრიელი გამოუვა.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 ცალი თეთრი ნაკლებფხიანი თევზი
🔸 4 ცალი პომიდორი
🔸 3 ცალი სტაფილო
🔸 1 ცალი ლიმონი
🔸 1 ჩაის კოვზი როზმარინი
🔸 1 კონა ოხრახუში
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
თევზი გაჭერით ოთხ ნაწილად, მოაყარეთ მარილი, პილპილი და როზმარინი. პომიდვრები დაჭერით მსხვილად, სტაფილო – სიგრძეზე, ლიმონი – თხლად. ტაფა გაახურეთ, დააწყვეთ მომზადებული ინგრედიენტები, მოასხით ზეთი და შეწვით ორივე მხრიდან. ბოსტნეულს მოაყარეთ მარილი. თევზი და შემწვარი ბოსტნეული გადმოიღეთ თეფშზე და ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან