თევზი იტალიურად მარკუს მეტრეველისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00
გურმანი ვარ და ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო. მსოფლიო მაქვს შემოვლილი და ვცდილობ, ყველა ქვეყნის კერძები დავაგემოვნო. თავადაც ვცდილობ, რაღაც-რაღაცები გავაკეთო და სხვათა შორის, კარგად გამომდის, მათ შორის, ლობიო რაჭული ლორით, მჭადი, ჭვიშტარი, ბერძნული სალათა, თევზის სხვადასხვა ვარიაციები. იმისთვის, რომ ფორმაში ვიყო, ვერიდები ბევრი შაქრისა და მარილის გამოყენებას. ასევე, საღამოს საათებში არ მივირთმევ. დღის განმავლობაში კი ვსვამ წყალს და ვცდილობ, ჯანსაღად ვიცხოვრო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ნომერ პირველი ქართული სამზარეულოა, მინდა, შემოგთავაზოთ თევზი იტალიურად. თუ გიყვართ იტალიური სამზარეულო და თევზი, მაშინ ამ კერძის მომზადება უნდა სცადოთ.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 6 ნაჭერი თევზის ფილე
🔸 600 გრამი თხლად დაჭრილი პომიდორი
🔸 1 ცალი ლიმონის წვენი
🔸 4 ჩაის კოვზი პომიდვრის ჩირის პესტო
🔸 40 გრამი ნადუღი
🔸 1 კონა დაჭრილი ბაზილიკი
🔸 3 სადილის კოვზი გახეხილი ყველი პარმეზანი
🔸 0,5 ჭიქა არაქისი
🔸 რუკოლას ფოთლები
🔸 ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი
🔸 მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
დაჭრილი პომიდორის ნაწილი ჩააწყვეთ საცხობ ფორმაში. ზემოდან დააწყვეთ ნახევარი თევზის ნაჭრები, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოაწურეთ ლიმონი. ასე გაიმეორეთ მეორე ფენა, ზემოდან გადაანაწილეთ პომიდვრის ჩირის პესტო, რომელიც სუპერმარკეტებში იყიდება, ნადუღი და დაჭრილი ბაზილიკი. შემდეგ ფენად ისევ პომიდვრის ნაჭრები დააწყვეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი, პარმეზანი, რუკოლას ფოთლები და არაქისი. მოაპკურეთ ზეთი და 20-25 წუთით მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





