თევზი ღვინის მარინადში კახა კუხიანიძისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 02.10

მიყვარს ჩემეული ექსპერიმენტები კერძების მზადების დროს. მართალია, დრო ხშირად არ მაქვს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მარტო ვცხოვრობ, მიწევს კერძების მომზადება. სხვადასხვა გემოების შეხამებით გემრიელ საჭმელებს ვამზადებ ისე, რომ დაგემოვნებაც არ მჭირდება. სუნით ვხვდები, კერძს რომელი სანელებელი აკლია. მიყვარს გემრიელად დანაყრება, თუმცა, ვვარჯიშობ და ჯანსაღ და სწორ კვებასაც ვაქცევ ყურადღებას. მინდა, შემოგთავაზოთ თევზი ღვინის მარინადში, რომელიც არ წაგართმევთ ბევრ დროს, ჯანსაღი საკვებია და თან, საკმაოდ დაბალბიუჯეტური.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 კილოგრამი მდინარის თევზი
🔸 1 ჭიქა ღვინო
🔸 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი
🔸 3 ტოტი როზმარინი
🔸 100 გრამი ფქვილი
🔸 შავი პილპილის მარცვლები
🔸 მარილი – გემოვნებით
🔸 ზეთი – შესაწვავად.
მომზადების წესი 👩🍳
თევზი გაასუფთავეთ, გარეცხეთ, ჩააწყვეთ ქვაბში, დაასხით ღვინოში არეული ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი და როზმარინის ტოტები. გააჩერეთ ნახევარი საათი, შემდეგ ამოიღეთ და მოაშორეთ სანელებლები. ფქვილში აურიეთ მარილი და თევზები სათითაოდ ამოავლეთ. შეწვით ზეთში, მაღალ ტემპერატურაზე გახურებულ ტაფაზე, ორივე მხრიდან. მიირთვით შემწვარ კარტოფილთან ერთად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან