კულინარია

თევზი ძმრისა და ნიგვზის სოუსით რუსკა ქარქაშაძისგან

№2

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 19.01, 2023 წელი

რუსკა ქარქაშაძის კერძი
დაკოპირებულია

რუსკა ქარქაშაძე საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇

პატარა ასაკიდან მიყვარდა სამზარეულოში ფუსფუსი. უფროსები რომ სადღესასწაულო სუფრისთვის აკეთებდნენ კერძებს, მეც მათ გვერდით ვიყავი და ვეხმარებოდი. თუმცა, დღეს ჩემი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ნაკლებად ვახერხებ სამზარეულოში საჭმელების კეთებას. მიყვარს ჯანსაღი პროდუქტისგან მომზადებული საკვები და რასაკვირველია, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ კერძის ვიზუალურ მხარესაც. მინდა შემოგთავაზოთ უგემრიელესი კერძი - თევზი ნიგვზისა და ძმრის სოუსით, რომელიც ვიზუალურადაც მადის აღმძვრელია და ამავდროულად, ძალიან მსუბუქი.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 2 ცალი ორაგული

🔸 3 ცალი დაფნის ფოთოლი

🔸 7 ცალი შავი პილპილის მარცვალი

🔸 2 თავი ხახვი

🔸 0,5 ჭიქა ძმარი, 1,5 ჭიქა წყალი, 1 ჭიქა გატარებული ნიგოზი

🔸 1 კონა ქინძი, 3 კბილი ნიორი, დაღერღილი წიწაკა და მარილი გემოვნებით

🔸 ბროწეულის მარცვლები.

მომზადების წესი 👩‍🍳

ორაგუ-ლი დაჭერით, გარეცხეთ და მოხარშეთ მარილიან წყალში, რომელსაც დაუმატებთ დაფნის ფოთოლს, 1 თავ ხახვსა და შავი პილპილის მარცვლებს. ხარშეთ, ადუღებიდან 8 წუთის განმავლობაში. ძმარს დაამატეთ წყალი, გატარებული ნიგოზი, დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ქინძი, 1 თავი დაჭრილი ხახვი, დაღერღილი წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით. მომზადებულ სოუსში ჩაალაგეთ თევზი და ზემოდან მოაყარეთ ბროწეული.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი