კულინარია

ტარხუნის ღვეზელი სულგუნით მზია გეწაძისგან

№21

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.05, 2024 წელი

მზია გეწაძის კერძი
დაკოპირებულია

მზია გეწაძე საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇

როცა დრო მაქვს, ძალიან მიყვარს სამზარეულოში გემრიელი კერძების მომზადება. ყველაზე მეტად ქართული სამზარეულო მიყვარს, თუმცა ნებისმიერ უცხო კერძსაც ვამზადებ და გამომდის. ძალიან მიყვარს შემწვარი კარტოფილი, მოხარშული ხორცი და თევზი, ასევე, ცოცხალი ბოსტნეული. ვცდილობ, ჯანსაღი საკვები მივიღო. დღის განმავლობაში ცოტ-ცოტას მივირთმევ, ღამის საათებში კი არ ვჭამ, რომ წონაში არ მოვიმატო. მინდა „თბილისელების“ ერთგულ მკითხველს გემრიელი და სეზონური ტარხუნის ღვეზელის რეცეპტი შევთავაზო სულგუნით, რომელიც აუცილებლად გამოგივათ.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 კილოგრამი ფქვილი

🔸 1 ქილა მაწონი

🔸 ცოტა საფუარი

🔸 5 კონა ტარხუნა

🔸 1 კონა მწვანე ხახვი

🔸 ნახევარ-ნახევარი კონა ქინძი

🔸 კამა და ოხრახუში

🔸 150 გრამი ბრინჯი

🔸 600 გრამი სულგუნი

🔸 150 გრამი კარაქი

🔸 2 კვერცხის გულში არეული 3 სადილის კოვზი რძე და 100 გრამი გამდნარი კარაქი – ზემოდან მოსასმელად

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ფქვილით, მაწვნითა და საფუარით მოზილეთ ცომი. აურიეთ დაჭრილი ტარხუნა, მწვანე ხახვი, ქინძი, ოხრახუში, კამა, მარილი და პილპილი. წყალში მოხარშეთ ბრინჯი, სულგუნი გახეხეთ. კარაქში ოდნავ მოშუშეთ დაჭრილი მწვანილი, დაამატეთ მოხარშული ბრინჯი, ხოლო რომ შეგრილდება, დაუმატეთ გახეხილი ყველი. ამოსული ცომი გაყავით გუნდებათ, გააბრტყელეთ, გადაუსვით კარაქი და ამოაგუნდავეთ. ისევ გაშალეთ ცომი, შუაში მოათავსეთ მწვანილის, ბრინჯისა და ყველის ნაზავი, მოახვიეთ და გააბრტყელეთ. აცხვეთ 200 გრადუსზე 10-15 წუთი, შეწითლებამდე. ბოლოს ზემოდან გადაუსვით ცოტა დარბილებული კარაქის, კვერცხის გულისა და რძის ნაზავი. შეაბრუნეთ ცხელ ღუმელში და მალევე გამოიღეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა