შემწვარი ორაგული სოკოს ფლავთან ერთად ანი კეკუასგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 10.04

ანი კეკუა საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇
საოცრად გურმანი ვარ. ჩემს ოჯახში ყველა კარგად ამზადებს და გენეტიკურად, ეს ნიჭი მეც გადმომეცა – მეც კარგი ხელი მაქვს. კარგად გამომდის აჯაფსანდალი, პასკა, თევზი გარნირით, ღომი, ბაჟე... მეგრელი ვარ და რამის კეთება რომ არ ვიცოდე, სირცხვილიცაა (იცინის). ზოგადად, მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა ვისწავლოთ სწორი კვება და ამის ხარჯზე შევინარჩუნოთ ის წონა, რომელიც გვსურს. პირადად მე, სწორი კვებით დავიკელი ზედმეტი კილოგრამები. ჟურნალ „თბილისელების“ ერთგულ მკითხველს შევთავაზებ უგემრიელესი კერძის რეცეპტს – შემწვარი ორაგული სოკოს ფლავთან ერთად.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 4 ნაჭერი ორაგულის ფილე
🔸 500 გრამი სოკო
🔸 1 თავი ხახვი
🔸 1 ჭიქა ბრინჯი
🔸 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი ან ძმარი
🔸 2 სადილის კოვზი პაპრიკა
🔸 2 სადილის კოვზი ორეგანო
🔸 2 სადილის კოვზი ბაზილიკი
🔸 2 სადილის კოზი ძირა
🔸 2 სადილის კოვზი ხორცის სუნელი
🔸 2 სადილის კოვზი ნივრის ფხვნილი
🔸 2 ცალი დაფნის ფოთოლი
🔸 წითელი წიწაკა, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით
🔸 ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
პაპრიკა, ორეგანო, ბაზილიკი, ძირა, ხორცის სუნელი, ნივრის ფხვნილი, წითელი წიწაკა, მარილი, ზეთი, ძმარი ან ლიმონის წვენი – ეს ყველაფერი კარგად აურიეთ და თევზის ნაჭრებს ორივე მხრიდან წაუსვით. ჯამს, რომელშიც თევზს მოათავსებთ, დააფარეთ თავსახური და 1 საათის შემდეგ შეწვით ორივე მხრიდან 180 გრადუსზე. გარეცხილი სოკო დაბრაწეთ ხახვთან ერთად და დაასხით ორჯერ მეტი წყალი. რომ ადუღდება, დაუმატეთ მარილი, შავი პილპილი, დაფნის ფოთოლი და გარეცხილი ბრინჯი. ბრინჯი რომ მოიხარშება, სოკოს ფლავიც მზად არის. მიირთვით შებრაწულ თევზთან ერთად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან