შემწვარი ქამა სოკო სოუსით ლალი მოროშკინასგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 20.07, 2023 წელი
ლალი მოროშკინა საყვარელი კერძის რეცეპტს „თბილისელებს“ უზიარებს 👇
მიყვარს სახლში მომზადებული კერძები. თავადაც ხშირად ვამზადებ გემრიელ ვახშამსა თუ სადილს. ზოგადად, გურმანი ვარ, ამასთან, ვცდილობ, ჯანსაღი საკვები მივიღო. ბევრს დავდივარ ფეხით სუფთა ჰაერზე, ყოველდღიურად მსუბუქ ვარჯიშებსაც ვაკეთებ და ამით მარტივად ვინარჩუნებ წონას. მიმაჩნია, რომ თუ ადამიანმა მოინდომა რამის მომზადება, აუცილებლად გამოუვა. მინდა, გაგიზიაროთ შემწვარი ქამა სოკოსთვის უგემრიელესი სოუსის მომზადების რეცეპტს.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 600 გრამი ქამა სოკო
🔸 1 კონა კამა, 1 კონა ოხრახუში
🔸 250 გრამი არაჟანი
🔸 3 მოხარშული კვერცხი
🔸 1 სადილის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი
🔸 6 სადილის კოვზი მზესუმზირის ზეთი
🔸 1 სადილის კოვზი მოტკბო მდოგვი
🔸 ცოტა შაქარი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
სოკოს მოაყარეთ მარილი და შეწვით ზეთში. არაჟანში აურიეთ მდოგვი, ზეთი, ძმარი, მარილი, შაქარი და პილპილი. დაუმატეთ წვრილად დაკეპილი მწვანილი, წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი და კარგად აურიეთ. შემწვარ სოკოს ზემოდან მოასხით სოუსი და სუფრაზე მიიტანეთ ცხელი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





