შემწვარი გოგრა არაჟნისა და ხაჭოს სოუსით ნინი ონიანისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.03, 2023 წელი

ნინი ონიანი საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇
საოცრად გურმანი ვარ, მიყვარს ახალ-ახალი გემოებისა და კერძების გასინჯვა-დაგემოვნება. სხვათა შორის, თავადაც კარგად მეხერხება მზადება, თუმცა იშვიათად ვაკეთებ, რადგან ამისთვის შესაბამისი განწყობა მჭირდება. ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო, თუმცა ყოველთვის არ გამოდის. პურს, ცომეულსა და ტკბილეულს ნაკლებად ვჭამ, არც მიყვარს და ეს მშველის. ვცდილობ, მოვერიდო ცხიმიანებს და საკვები მივირთვა დღეში რამდენჯერმე, მცირე ულუფებით, ძირითადად, ბოსტნეული. ფორმის შენარჩუნებაში სპორტიც მეხმარება. მინდა, შემოგთავაზოთ შემწვარი გოგრის რეცეპტი არაჟნისა და ხაჭოს უგემრიელესი სოუსით.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸1 კილოგრამი გოგრა
🔸 1 ჩაის კოვზი მარილი
🔸 1 ჩაის კოვზი ყავისფერი შაქარი
🔸 6 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი
🔸1 სადილის კოვზი ტკბილი პაპრიკა
🔸 1 ჩაის კოვზი კურკუმა
🔸 1 ჩაის კოვზი ხმელი ქონდარი
🔸 200 გრამი 20-პროცენტიანი არაჟანი
🔸 150 გრამი ხაჭო
🔸 1 ცალი ლიმონი, 3 კბილი ნიორი.
მომზადების წესი 👩🍳
სოუსი წინასწარ მოამზადეთ – აურიეთ არაჟანი და ხაჭო, დაუმატეთ ლიმონის ცედრა და წვენი, ზეითუნის ზეთი, მარილი. გაფცქვენით ნიორი, ჩახეხეთ წვრილ სახეხზე პირდაპირ სოუსში. ათქვიფეთ ბლენდერით და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით. გააცხელეთ ღუმელი 220°C-მდე, გოგრას მოაშორეთ კანი, ამოიღეთ თესლი და დაჭერით 4-5 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად. პატარა თასში ერთმანეთში აურიეთ ზეთი, შაქარი, სანელებლები და წაუსვით გოგრის ნაჭრებს. ნაჭრები დაალაგეთ პერგამენტით დაფარულ საცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ, სანამ ოქროსფერი და რბილი არ გახდება (დაახლოებით, 25 წუთის განმავლობაში). მიირთვით ცხელი, ცივ არაჟნისა და ხაჭოს სოუსთან ერთად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან