შემწვარი ღორის ხორცი როზმარინითა და ღვინით ცისანა სეფიაშვილისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 15.09, 2022 წელი

ცისანა სეფიაშვილი საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇
საოცარი გურმანი ვარ. ვჭამ ყველაფერს და არასოდეს დიეტაზე არ ვყოფილვარ. ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც სახლში მიყვარს, ესაა კერძების მომზადება. როგორც ამბობენ, ძალიან „კარგი ხელი“ მაქვს და ყველაფერს გემრიელად ვამზადებ. არასოდეს მივყვები რეცეპტს, ინგრედიენტების შეზავება თვალით და ხელის ზომით შემიძლია. ყველაზე მეტად კაცური საჭმელები მიყვარს – ხორცი, ცომი, დესერტი. ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველებს შევთავაზებ რბილი, წვნიანი და არომატული შემწვარი ღორის სუკის რეცეპტს, რომელიც ძალიან გემრიელია.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 900 გრამი ღორის სუკი
🔸 3 კბილი დაკეპილი ნიორი
🔸1 სადილის კოვზი დაფქული და გამხმარი როზმარინი
🔸 მეოთხედი ჭიქა ზეითუნის ზეთი
🔸 ნახევარი ჭიქა თეთრი ღვინო
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ნიორი დაჭყლიტეთ როზმარინთან, მარილთან და პილპილთან ერთად. ხორცი რამდენიმე ადგილას ბასრი დანით დასერეთ და გაჭრილ ადგილებში ნივრის ნაზავი მოათავსეთ. დარჩენილი ნივრის საკმაზი და ზეითუნის ზეთი წაუსვით ხორცს და მოათავსეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში. შეწვის პროცესში რამდენიმეჯერ გადააბრუნეთ და ამოავლეთ ტაფაზე დაგროვებულ წვენში. დაახლოებით 1 საათში მზად იქნება. ხორცი გადმოიღეთ თეფშზე. გააცხელეთ ღვინო ქვაბში და მოასხით დაბრაწულ ხორცს. მიირთვით თავის წვენთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან