შემწვარი ღორის ხორცი ალუბლით გიგა კუხიანიძისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 03.07

იმდენად მიყვარს კულინარია, რომ არა მუსიკოსი, ალბათ, მაღალი კლასის შეფ-მზარეული გამოვიდოდი. ჩემთვის კერძების მომზადება, განტვირთვაა გადატვირთული და გიჟური სამუშაო დღის რეჟიმის შემდეგ. მიყვარს ხორცის კერძების მზადება და ჩემით რაღაც-რაღაც ახალ საჭმელებს ვიგონებ. საოცრად გურმანი ვარ და უცხო გემოებსაც, სიამოვნებით ვაგემოვნებ. თუ მშია, ვერ ვიძინებ. ერთი პერიოდი ჩემს წონას საკმაოდ შეეტყო ჩემი გურმანობა და ამიტომ, კვება ცოტა შევზღუდე, ჯანსაღ პროდუქტებზე გადავედი და წონაშიც დავიკელი. ახლა კი გასწავლით კერძის რეცეპტს – შემწვარი ღორის ხორცი ალუბლით, რომელიც უგემრიელესია, არ არის კალორიული, მის მომზადებას კი არც ბევრი ინგრედიენტი სჭირდება და არც დიდი დრო.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 400 გრამი ღორის თხელი ხორცი
🔸 1 ჭიქა უკურკო ალუბალი
🔸 2 კბილი ნიორი
🔸 ცოტა ხმელი ქონდარი
🔸 წიწაკა და მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ნიორი დანაყეთ, დაუმატეთ ქონდარი, მარილი და წიწაკა. ეს მასა წაუსვით ხორცის ნაჭერს და გაცხელებულ ტაფაზე ორივე მხრიდან შებრაწეთ. ხორცს დააყარეთ ალუბალი, ცეცხლს დაუწიეთ, დაახურეთ სახურავი და შუშეთ, სანამ ხორცი მომზადდება. სუფრაზე მიტანის წინ დაჭერით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან