სალათა ქათმის ხორცითა და მწვანე ლობიოთი ნინო ძოწენიძისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 08.09, 2022 წელი

საყვარელი კერძის რეცეპტს ნინო ძოწენიძე ,,თბილისელებს" უზიარებს 👇
გურმანი ვარ, გემრიელი კერძებიც მიყვარს და გემრიელადაც ვამზადებ. ჩემმა მეუღლემ სამზარეულოს ყველანაირი ტექნიკა მიყიდა, მათ შორის, პურის საცხობიც და პურსაც კი სახლში ვაცხობდი. ეს დიდი ხნის წინ იყო. თუ მაცივარში ჩემი საყვარელი კერძი მეგულება, შემიძლია, შუაღამისას ავდგე და მივირთვა. თუმცა, ამ ბოლო დროს ღამით კვებას თავს ვარიდებ, რადგან მინდა, ფორმაში ვიყო. ერთი პერიოდი ვარჯიში დავიწყე, თუმცა მივხვდი, ზარმაცი ვარ და მირჩევნია, წონა სწორი კვებით ვაკონტროლო. ახლა კი შემოგთავაზებთ ქათმის სალათას მწვანე ლობიოთი, რომელიც ამ სეზონის კერძია, მრავალფეროვანი ინგრედიენტებითა და ვიტამინებით გაჯერებული, ამასთან, საკმაოდ გემრიელი.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 700 გრამი ქათამის ფილე
🔸 100 გრამი შაშხი
🔸 200 გრამი კარტოფილი
🔸 100 გრამი მოხარშული მწვანე ლობიო
🔸 2 მოხარშული კვერცხი
🔸 150 გრამი ვაშლი
🔸 100 გრამი კიტრის მწნილი
🔸 150 გრამი მაიონეზი
🔸 250 გრამი სალათის ფოთლები
🔸 1 კონა ოხრახუში
🔸 პილპილი და მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ფილე მოხარშეთ და გააცივეთ. კარტოფილი მოხარშეთ კანიანად, გააცივეთ და კანი შემდეგ გააცალეთ. სალათის ფოთლები, მოხარშული მწვანე ლობიო, კარტოფილი, ქათმის ხორცი, შაშხი, კვერცხი, ვაშლი და კიტრის მწნილი დაჭერით, დაუმატეთ ცოტა მაიონეზი, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ. სუფრაზე მიტანის წინ, სალათას ზემოდან მოაყარეთ ოხრაშუში.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან