საგაზაფხულო ოხრახუშის ფხალი ნიგვზით ბელა ალანიასგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 05.04, 2022 წელი

საყვარელი კერძის რეცეპტს ბელა ალანია ,,თბილისელებს" უზიარებს👇
კულინარიას ვუდგები შემოქმედებითად. არ მაქვს ზუსტი რეცეპტები და დოგმები. კერძის მომზადების პროცესში ექსპერიმენტები მიყვარს და თავად ვსაზღვრავ დოზებს – რა რამდენი სჭირდება. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად გამომდის. ძალიან მიყვარს ცომთან ურთიერთობა. რასაკვირველია, მეგრელი ვარ და მეგრული კერძები მიყვარს, თუმცა აღმოსავლური კერძების მომზადებაც მიწევს. ვცდილობ, ჯანსაღი პროდუქტი გამოვიყენო. ოჯახი უპირატესობას ზღვის პროდუქტებს ვანიჭებთ. ხშირად ვამზადებ ფხალეულს, თევზის წვნიანებსა და ზღვის პროდუქტს ბრინჯთან ერთად. ახლახან ვისწავლე ოხრახუშის ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული საგაზაფხულო ფხლის მომზადება. ყველას ძალიან მოეწონა. ამიტომ, ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველს მის რეცეპტს შემოგთავაზებთ.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 კოლოგრამი ოხრახუში
🔸 100 გრამი გატარებული ნიგოზი
🔸 2 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, ნახევარი კონა ქინძი
🔸 ზეითუნის ზეთი ხახვის მოსაშუშად
🔸 მარილი – გემოვნებით და ბროწეულის მარცვლები – მოსართავად, ცოტა სოდა.
მომზადების წესი
მოხარშეთ ოხრახუში ცოტა სოდიან წყალში, რომ ფერი არ დაკარგოს და ხასხასა სიმწვანე შეინარჩუნოს. რომ წამოდუღდება, გადაუწურეთ წყალი და დაჭერით. ხახვი დაჭერით წვრილად, მოშუშეთ ზეთში, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. გატარებული ნიგოზი და მოშუშული ხახვი დააბლენდერეთ. შეურიეთ დაჭრილ ოხრახუშს. დაუმატეთ დანაყილი ნიორი და ქინძი. კარგად ამოურიეთ და მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან