რუკოლას სალათა ყაბაყით, ჩერით, მოცარელათი და ტკბილი დრესინგით მაგდა ვასაძისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 10.08, 2023 წელი

მაგდა ვასაძე საყვარელი კერძის რეცეპტს „თბილისელებს“ უზიარებს👇
დიდ ყურადღებას ვაქცევ კვების რეჟიმს, ჯანსაღ პროდუქტებსა და ვარჯიშს. სწორედ სწორი კვებითა და ვარჯიშით შევძელი ზედმეტი კილოგრამების დაკლება. ცხიმიანი, ტკბილეული – აბსოლუტურად ყველაფერი, მაქვს ამოღებული კვების რაციონიდან, მცირე გამონაკლისი შემთხვევების გარდა, მაგალითად, როცა დაბადების დღეზე ვარ ან წვეულებაზე. თავად კი აბსოლუტურად ყველაფერს ვამზადებ და საკმაოდ გემრიელს. შემიძლია, შემოგთავაზოთ უმარტივესად მოსამზადებელი, ოდნავ მოშუშული ყაბაყის, ჩერი პომიდვრისა და მოცარელას მსუბუქი სალათი, შეზავებული ბუნებრივი ტკბილი სოუსით.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 50 გრამი სალათის მიქსი რუკოლით
🔸 2 ცალი ყაბაყი
🔸 140 გრამი პომიდორი ჩერი
🔸 70 გრამი ყველი მოცარელა
🔸 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
🔸 1 ჩაის კოვზი სოიის სოუსი
🔸 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
🔸 1 ჩაის კოვზი თაფლი
🔸 ცოტა გოგრის თესლი და სეზამის მარცვლები
🔸 წიწაკა – გემოვნებით, მცენარეული ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
ყაბაყი დაჭერით დიდ კუბებად. მოათავსეთ გახურებულ ტაფაზე, მოასხით ნახევარი ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი და მოამზადეთ სანახევროდ – შიგნით ოდნავ ხრაშუნა უნდა დარჩეს. მოაყარეთ წიწაკა თქვენი გემოვნებით. დააყრეთ დაქუცმაცებული რუკოლა და სხვა სალათის ფურცლები, ოთხად გაჭრილი პომიდორი ჩერი და გახეხილი ყველი მოცარელა. ცალკე ერთმანეთში შეურიეთ ზეითუნის ზეთი, სოიის სოუსი, ლიმონის წვენი და თაფლი (მარილი არ ემატება, რადგან სოიის სოუსი კერძს ოდნავ მარილიან გემოს მისცემს). მოასხით სალათას და ნაზად ამოურიეთ. ზემოდან მოაყარეთ ცოტა გოგრის თესლი და სეზამის მარცვლები.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან