ფარშირებული ყაბაყი ნინი ონიანისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 05.09
ნინო ონიანი საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇
სამზარეულოში ფუსფუსი და მზადება ძალიან მიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ, დრო არ მაქვს. მიყვარს დაბალანსებული კვება და ჯანსაღი პროდუქტებით მომზადებული კერძები. ბოსტნეულის სალათები გამომდის გემრიელად – ძალიან მიყვარს და ალბათ, ამიტომ. შიგადაშიგ ვაძლევ თავს უფლებას, მივირთვა საყვარელი კერძები, თუმცა სწორი კვება ჩემთვის უკვე ისეთი ორგანულია, ძალიან მეგემრიელება. თუ კარგად მოამზადებ, გემრიელია და რაც მთავარია, სასარგებლოა. მინდა, გაგიზიაროთ ფარშირებული ყაბაყის იტალიურად მომზადების რეცეპტი, რომელიც მარტივია და თან, გურმანებისთვის საკმაოდ სასიამოვნოდ მისართმევი.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 6 ცალი ყაბაყი
🔸 100 გრამი საქონლის ხორცის ფარში
🔸 140 გრამი შებოლილი სულგუნი
🔸 2 კვერცხი
🔸 ბაზილიკის ფოთლები
🔸 300 გრამი პომიდვრის პასტა
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით
🔸 ზეითუნის ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
ყაბაყი ჩაყარეთ მდუღარე წყალში და ადუღეთ, დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში, სანამ ოდნავ არ დარბილდება. ამოიღეთ, დააცადეთ გაშრობა და დანით მოაჭერით ზედა ნაწილი, ჩაის კოვზით ამოიღეთ რბილობი ისე, რომ კედლები და ძირი არ დააზიანოთ. რბილობი წვრილად დაჭერით და საწურზე მოათავსეთ, რომ წვენი დაიწუროს. ფარში მოშუშეთ ტაფაზე ზეთში, რომ შეგრილდება, დაუმატეთ გახეხილი ყველი, 1 კვერცხი და 1 კვერცხის გული, ყაბაყის რბილობი, მარილი და პილპილი. მიღებული მასა კარგად აურიეთ და ჩატენეთ ყაბაყში. გამოსაცხობი ჭურჭლის ძირში ჩაასხით პომიდვრის სოუსი, მოასხით ზეთი, მარილი და პილპილი და დაუმატეთ რამდენიმე ბაზილიკის ფოთოლი. ჩაალაგეთ ფარშირებული ყაბაყი საცხობ ფორმაში, დააფარეთ თავსახური და აცხვეთ 40 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ, თითოეულ ყაბაყს დაუმატეთ ცოტა გახეხილი ყველი, ისევ შეაბრუნეთ ღუმელში, რომ ყველი ცოტა შეწითლდეს და კერძიც მზადაა. მიირთვით შეგრილებული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან