კულინარია

ორაგული ნიგვზისა და ძმრის სოუსით მერსი სულხანიშვილისგან

№10

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 16.03, 2023 წელი

მერსი სულხანიშილის კერძი
დაკოპირებულია

მერსი სულხანიშვილი საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇

ბოლო წლებია, განსაკუთრებით შემიყვარდა სამზარეულოში ტრიალი და ვცდილობ, დრო ისე გავანაწილო, რომ სამზარეულოსთვისაც დამრჩეს. მიყვარს კარგი, სრულფასოვანი კვება, როდესაც გემრიელთან ერთად, კერძი ლამაზიც არის. ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ინგრედიენტებს, იმას, თუ რა პირობებშია ესა თუ ის პროდუქტი მოყვანილი. უპირატესობას ვანიჭებ ჯანსაღი ბიოინგრედიენტებისგან მომზადებულ საკვებს. დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ. წონას დაბალანესებული რაციონითა და ვარჯიშით ვინარჩუნებ. ადამიანებისგან ხშირად მესმის, რომ პურს არ ჭამენ და ამით არიან დიეტაზე, რაც სამწუხარო სტერეოტიპია. ასევე, არ ჭამენ ხაჭაპურს. ამასობაში ცოტა ადამიანი თუ დაფიქრებულა იმაზე, რომ პური და ხაჭაპური კი არ ასუქებს, არამედ ის, თუ რა ხარისხის ფქვილით, ყველითა და ასე შემდეგ მზადდება ესა თუ ის პურ-ფუნთუშეული. მინდა, შემოგთავაზოთ ძმრისა და ნიგვზის სოუსში ჩაწყობილი ორაგულის უგემრიელესი რეცეპტი.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 600 გრამი ორაგულის ფილე

🔸 2 ცალი დაფნის ფოთოლი

🔸 2 თავი ხახვი

🔸 0,5 ჭიქა ძმარი

🔸 1,5 ჭიქა წყალი

🔸 1 ჭიქა გატარებული ნიგოზი

🔸 1 კონა ქინძი

🔸 3 კბილი ნიორი, შავი პილპილის მარცვლები

🔸 დაღერღილი წიწაკა და მარილი – გემოვნებით

🔸 ცოტა ბროწეულის მარცვლები.

მომზადების წესი 👩‍🍳

ორაგული მოხარშეთ მარილიან წყალში, რომელსაც დაუმატებთ დაფნის ფოთოლს, ხახვს, შავი პილპილის მარცვლებს. ხარშეთ ადუღებიდან 8 წუთის განმავლობაში. სოუსისთვის დააბლენდერეთ გატარებული ნიგოზი, დანაყილი ნიორი, ქინძი, 1 თავი ხახვი, დაღერღილი წითელი წიწაკა, მარილი, ძმარი და წყალი. დაბლენდერებულ მასას დაუმატეთ ნახევარი თავი გრძლად დაჭრილი ხახვი, ჩააწყვეთ მოხარშული თევზი. ზემოდან მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი