ოლადები მაწვნის ცომით კვერცხის გარეშე თამო ვაშალომიძისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.08

ხშირად ვერ ვახერხებ კერძების მზადებას, მაგრამ თუ დრო მაქვს, ვცდილობ, სამზარეულოში თავად ვიფუსფუსო და ოჯახის წევრებისთვის კარგი კულინარი ვიყო. თუ მოვინდომე, ყველაფერი გამომდის. შეიძლება, ერთ ცდაზე არ გამომივიდეს, მაგრამ არასოდეს ვამბობ უარს გამეორებაზე, არ ვნებდები და მერე გამოდის. ძალიან მიყვარს შემწვარი კარტოფილი, უარს არასოდეს ვამბობ. არ ვსვამ გაზიან სასმელს და ვერიდები ცომეულსა და ტკბილეულს, ასევე, საღამოს საათებში ჭამას. შემიძლია, შემოგთავაზოთ ფუმფულა ოლადების რეცეპტი მაწვნის ცომით, კვერცხის გარეშე, რომელიც ძალიან უყვართ ბავშვებს და განსაკუთრებით უხდება სეზონური კენკრა.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1,5 ჭიქა მაწონი
🔸 180 გრამი ფქვილი
🔸 1 სადილის კოვზი შაქარი
🔸 1 ჩაის კოვზი მარილი
🔸 1 ჩაის კოვზი სოდა
🔸 სეზონური კენკრა – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
მოათავსეთ მაწონი ჯამში, დაამატეთ მარილი და შაქარი. მოურიეთ, სანამ ორივე ინგრედიენტი კარგად არ გაიხსნება. თანდათან ჩაუმატეთ ფქვილი და კოვზით ნაზად მოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ სოდა. ცომი უნდა გამოვიდეს ჰაეროვანი და ელასტიკური. დატოვეთ 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი, გამოაცხვეთ გახურებულ ტაფაზე, ცოტა ზეთში ორივე მხრიდან, უხდება კენკრა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან