ნუშის დესერტი კენკრითა და ლიმონით ლიზა ვადაჭკორიასგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 14.08, 2022 წელი

ლიზა ვადაჭკორია საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇
სახლში მყავს არნახული კულინარი – ჩემი მეუღლე. ოჯახის წევრებს იმდენად მრავალფეროვანი კერძებით გვანებივრებს, რომ სამზარეულოში მე ჭურჭლის სარეცხად თუ შევდივარ. თუმცა, სალათებისა და დესერტების მზადება ძალიან მიყვარს. ძალიან კარგად გამომდის მსუბუქი რძის კოქტეილები კენკრით, ხილის სმუზი, ვაშლის „შარლოტკა“.ზღვის პროდუქტების გიჟი ვარ – კრევეტი, კიბორჩხალა, ლანგუსტი, ხამანწკები. სუში და როლები მიყვარს, მაგრამ ეს ყველაფერი ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ ჩემი დღის მენიუ, ძირითადად, სალათები, ქათმის შნიცელი და თევზია. ბოლო დროს ჩემი წონა არ მომწონს. ამიტომ ღორის ხორცი და ფუნთუშები მენიუდან ამოვიღე. თუმცა, ნამცხვარი ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით დედაჩემის მომზადებული. ბევრს დავდივარ ფეხით და კალორიების დათვლაც დავიწყე. პურს არ ვჭამ, ნამცხვრის ნაცვლად კი ორცხობილას მივირთმევ. მსუნაგი ვარ და ზოგჯერ ნებისყოფა მღალატობს, თუმცა კვებას მაინც ვაკონტროლებ. გაგიზიარებთ გემრიელი ნუშის დესერტის რეცეპტს, რომელიც ძალიან ადვილად მზადდება.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 100 გრამი ნუშის გული
🔸 500 მილილიტრი რძე
🔸 6 გრამი ჟელატინი
🔸 80 გრამი შაქრის პუდრი
🔸 ჟოლო და ლიმონი – გასაფორმებლად.
მომზადების წესი 👩🍳
ნუშის გულს გააცალეთ კანი (დაალბეთ ადუღებულ წყალში 3 წუთი, შემდეგ გადაიტანეთ საწურზე და გადაავლეთ ცივი წყალი – ასე გაგიადვილდებათ), მოათავსეთ ბლენდერში ფქვილივით დააქუცმაცეთ. ჟელატინს დაასხით თბილი, ანადუღარი წყალი და გააჩერეთ, სანამ გაფუვდება. რძე დადგით ცეცხლზე, დაუმატეთ შაქრის პუდრა და დაფქული ნუში, აურიეთ და წამოადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 10 წუთი, შემდეგ გაწურეთ მარლის მეშვეობით, დაუმატეთ დამბალი ჟელატინი, აურიეთ კარგად, რომ მთლიანად გაიხსნას. გაანაწილეთ ფორმებში და მოათავსეთ მაცივარში 2 საათით. სუფრაზე მიტანამდე მორთეთ ჟოლოთი და ლიმონის ნაჭრებით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან