მსხლის სალათა ყველით, თაფლით, ნიგვზითა და ბროწეულით თიკა მახალდიანისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 09.06, 2022 წელი

თიკა მახალდიანი საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇
მართალია, სამზარეულოში ტრიალისთვის ბევრი დრო არ მრჩება, თუმცა, მიწევს კეთება და კარგი ხელიც მაქვს. ზოგადად, უპირატესობას ჯანსაღ საკვებ პროდუქტს ვანიჭებ და უფრო მეტად პიკანტური და მსუბუქი სალათები მიყვარს. ამის წყალობით, წონასაც ვინარჩუნებ და თან, ორგანიზმსაც ვუფრთხილდები. მინდა, შემოგთავაზოთ საკმაოდ გემრიელი, პიკანტური და მსუბუქი სალათა მსხლით, ყველით, ნიგვზითა და ბროწეულით, რომელიც საკმაოდ ნოყიერია, იოლი მოსამზადებელია და თან, მადისაღმძველი და უცხოა.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 ცალი მსხალი
🔸 1 ცალი ბროწეული
🔸 50 გრამი ნიგოზი
🔸 სალათის ფურცლების მიქსი
🔸 2 ნაჭერი მაგარი ყველი
🔸 2 სადილის კოვზი თაფლი
🔸 1 სადილის კოვზი ბალზამიკოს ძმარი
🔸 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ზეთი, ძმარი, თაფლი, მარილი და პილპილი ათქვიფეთ კარგად, რომ კრემის მსგავსი მასა მიიღოთ. გარეცხილი, შემშრალი სალათის ფოთლები ხელით დაფლითეთ და მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში. დაამატეთ დაჭრილი მსხალი, ბროწეულის მარცვლები, წვრილად დაჭრილი ყველი, მოასხით თაფლის, ძმრისა და ზეთის სოუსი და ნაზად ამოურიეთ. ზემოდან მოაყარეთ მოხალული ნიგოზი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან