კულინარია

მარტივად მოსამზადებელი ტირამისუ მასკარპონეთი თათია კობალაძისგან

№46

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 26.11, 2022 წელი

თათია კობალაძის კერძი
დაკოპირებულია

თათია კობალაძე საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇

13 წლის ასაკში გავთხოვდი და ჩემი პირველი კერძი, რისი გაკეთებაც მოვინდომე, წვნიანი იყო. არ ვიცოდი და ქვაბში მთელი შეკვრა მაკარონი ჩავუშვი. მაშინ მივხვდი, აუცილებლად უნდა მესწავლა კერძების მომზადება. სხვათა შორის, ყველაფრის კეთება კარგად ავითვისე და მეუბნებიან, კარგი ხელი გაქვსო. ყველას მოსწონს ჩემი მომზადებული ტირამისუ და ჩაქაფული და თავადაც მიყვარს. ასევე, ძალიან მიყვარს ქართული, თურქული და უკრაინული სამზარეულო და არაჩვეულებრივად ვამზადებ უკრაინულ ბორშჩს და კიევურ კატლეტს. წლების წინ ვარჯიშითა და სწორი კვებით წონაში 30 კილო დავიკელი. დღესაც ვცდილობ, ამ წესს მივყვე და ცომეულს ვერიდები. შემიძლია, გასწავლოთ ტირამისუს მარტივად მომზადების წესი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველას გამოუვა და ისიამოვნებს.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 6 კვერცხის გული

🔸 სამი მეოთხედი ჭიქა შაქარი

🔸 ორი მესამედი ჭიქა რძე

🔸 ჭიქა და ერთი მეოთხედი სქელი ნაღები

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

🔸 450 გრამი ყველი მასკარპონე

🔸 მეოთხედი ჭიქა მოდუღებული ყავა

🔸 2 სადილის კოვზი რომი

🔸 2 შეკვრა გრძელი ორცხობილა

🔸 1 სადილის კოვზი კაკაოს ფხვნილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

კვერცხის გულები და შაქარი კარგად ათქვიფეთ. შეურიეთ რძე, დადგით საშუალო ცეცხლზე და მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღდებამდე. ადუღეთ 1 წუთი, გადმოდგით გაზქურიდან და გააგრილეთ. დააფარეთ თავზე და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით. ნაღები და ვანილი თქვიფეთ გამყარებამდე. მასკარპონე კი კვერცხის ნაზავს ისე შეათქვიფეთ, რომ გლუვი მასა მიიღოთ. თასში აურიეთ მოდუღებული ყავა და რომი. ორცხობილები შუაზე გაყავით და მოასხით ყავის ნაზავი. გაჟღენთილი ორცხობილა ერთ ფენად ჩააწყვეთ ლანგარში. ზემოდან მოასხით მასკარპონეს ნაზავის ნახევარი, შემდეგ კი – ათქვეფილი ნაღების ნახევარი. მეორე ფენაც ამ თანმიმდევრობით გაიმეორეთ, ზემოდან მოაყარეთ კაკაო, დააფარეთ და მოათავსეთ მაცივარში 4-6 საათით.


მსგავსი სიახლეები

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა