კვერცხში ამოვლებული ქათმის ფილე ვლად არამოვისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 13.03

ვლად არამოვი საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇
გემრიელად ჭამა ვის არ უყვარს და არც მე ვარ გამონაკლისი. ძალიან მიყვარს არომატული და გემრიელი საკმაზებით შეზავებული საკვები. თუმცა, თავს და მადას კონტროლს ვუწევ, ვცდილობ, ორგანიზმი მძიმე საკვებით არ გადავტვირთო და უპირატესობას მსუბუქ კერძებს ვანიჭებ. თავს ვერ შევიქებ, ვერ ვიტყი, კარგი მზარეული ვარ-მეთქი, მაგრამ რაღაცების გაკეთება შემიძლია. მინდა, შემოგთავაზოთ კვერცხისა და სახამებელში ამოვლებული შემწვარი ქათმის ფილეს რეცეპტს. ძალიან არომატული კერძია, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი მარტივად მოამზადებს და შემდეგ, საკუთარი ნახელავით ისიამოვნებს.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი ქათმის ფილე
🔸 3 კვერცხი
🔸 ნახევარი ჩაის კოვზი მარილი
🔸 წიწაკა და შავი პილპილი – გემოვნებით
🔸 2 ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი.
მომზადების წესი 👩🍳
ქათმის ფილე დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. დააწყვეთ ხის ზედაპირზე, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და ორივე მხრიდან დაბეგვეთ. გადაიტანეთ ჯამში, დაუმატეთ კვერცხის გული, წიწაკა, პილპილი, მარილი და კარტოფილის ფქვილი. კარგად ამოურიეთ. ცილა ათქვიფეთ მწიკვ მარილთან ერთად. ღრუბელივით, ოდნავ სქელ მასას რომ მიიღებთ, საკმარისია, ძალიან არ გაამაგროთ. ქათმის ფილის ნაჭრები ამოავლეთ ათქვეფილ ცილაში და შეწვით ცხიმში ორივე მხრიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან