ყვავილოვანი კომბოსტო ლიმონისა და მდოგვის სოუსში თათა გიორგობიანისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 27.04, 2021 წელი

გემრიელი კერძის რეცეპტი თათა გიორგობიანისგან👇
ძალიან მიყვარს სამზარეულოში ტრიალი და კერძების მომზადება. ზოგადად, კულინარიული ნიჭი და „გემრიელი ხელი“ ბებოსგან გენეტიკურად გამომყვა. ექსპერიმენტებსაც არ ვერიდები, ჩემი ინტერპრეტაციით ახალ-ახალ გემოებს ვუთავსებ ერთმანეთს და ესეც კარგად გამომდის. განსაკუთრებულად კარგად პიცას ვამზადებ, რასაც ხშირად მიკვეთავენ ახლობლები და როცა დრო მაქვს, სიამოვნებით ვუმასპინძლდები. თავად, სალათებისა და ცოცხალი საკვების მოყვარული გახლავართ. პერიოდულად კი ვეგეტარიანელი ვარ. ჩემი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ძალიან ბევრ ფიზიკურ ენერგიას ვხარჯავ, მიყვარს ფეხით სიარული, ამიტომ ფორმის შენარჩუნებას არანაირი დიეტით არ ვცდილობ. ესეც გენეტიკის დამსახურებაა. უბრალოდ, თუ ერთი დღე ზედმეტად მივირთვი, მომდევნო დღეებში, ვცდილობ, თავი შევიკავო. ახლა კი გასწავლით ყვავილოვანი კომბოსტოს მომზადებას ლიმონისა და მდოგვის სოუსში, რომელიც მსუბუქი მისართმევი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
საჭირო ინგრედიენტები: 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1,5 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა, 2 სუფრის კოვზი მდოგვი, 100 გრამი კარაქი, 1 თავი ყვავილოვანი კომბოსტო, 1 კონა ოხრახუში, მარილი და პილპილი კი – გემოვნებით.
მომზადების წესი: კომბოსტო ყვავილედებად დაშალეთ და მოწალეთ მარილიან წყალში – რამდენიმე წუთი საკმარისია. ლიმონის ცედრა გახეხეთ და წვენი გამოწურეთ. ქვაბში გაადნეთ კარაქი, დაამატეთ მდოგვი, ლიმონის ცედრა და წვენი, აურიეთ, კარგად გააცხელეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. კომბოსტო ცეცლგამძლე ფორმაში გადაიტანეთ, მოასხით სოუსი და მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 10-15 წუთში მზად იქნება. ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან