ხორცის რულეტი ბეკონით გიგა კუხიანიძისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 13.02
![გიგა კუხიანიძის კერძი გიგა კუხიანიძის კერძი](/files/2025/02/10/12489/giga-kukhianidzis-kerdzi_w_h.jpeg)
გიგა კუხიანიძე საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇
სულ ვამბობ, რომ არა მუსიკოსი, ალბათ, მაღალი კლასის შეფ-მზარეული გამოვიდოდი-მეთქი. ჩემთვის სამზარეულოში კერძების კეთება ერთგვარი განტვირთვაა გადატვირთული, გიჟური სამუშაო დღის რეჟიმის შემდეგ. მიყვარს ხორცის კერძების მომზადება. რაღაც-რაღაც ახალ საჭმელებს ვიგონებ. საოცრად გურმანი ვარ და უცხო კერძებსაც სიამოვნებით ვაგემოვნებ. თუ მშია, ვერ ვიძინებ და ღამით ხშირად ავმდგარვარ და მიჭამია. ერთი პერიოდი საკმაოდ შემეტყო ჩემი გურმანობა და ამიტომ, კვება ცოტა შევზღუდე, ჯანსაღ პროდუქტებზე გადავედი და წონაშიც დავიკელი. ახლა კი გასწავლით უგემრიელესი კერძის – ხორცის რულეტის რეცეპტს, რომელიც არ არის კალორიული. მის მომზადებას კი არც ბევრი ინგრედიენტი სჭირდება და არც დიდი დრო.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 კილოგრამი ღორის სუკი
🔸 10 ნაჭერი ბეკონი
🔸 5 კბილი ნიორი
🔸2 ჩაის კოვზი მაიონეზი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით
🔸 ქინძი და ბროწეულის მარცვლები გასაფორმებლად.
მომზადების წესი 👩🍳
ხორცის ნაჭერი ჩასერეთ, დააფინეთ ცელოფანი, ზედ დადეთ და დაბეგვეთ მხოლოდ ერთ მხარეს. მოაყარეთ მარილი, პილპილი, შეაზილეთ დანაყილი ნიორი და მაიონეზი. შემდეგ მჭიდროდ გადაახვიეთ ბეკონის ფენებში და შეკარით კულინარიული ძაფით. მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაში და შეწვით 190 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში 1 საათის განმავლობაში. მზა რულეტი შეაგრილეთ, მოხსენით ძაფები და დაჭერით სასურველ ნაჭრებად. სუფრასთან მიტანისას კერძი გააფორმეთ ქორფა ქინძის ფოთლებითა და ბროწეულის მარცვლებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან