ხილის ჟელეს დესერტი ხატია შამუგიასგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 17.10

ვერ გეტყვით, საოცარი კულინარი ვარ-მეთქი, თუმცა, არის რამდენიმე კერძი და დესერტი, რომელიც კარგად გამომდის. მიუხედავად იმისა, რომ სიამოვნებით მივირთმევ რესტორანსა და კაფეში, არ მიყვარს გამოძახებული საჭმელი და ამიტომ მიწევს, თავად მოვამზადო. საერთოდ, გურმანი ვარ, მაგრამ ჩემი გართულებები მაქვს. მაგალითად, არ ვჭამ ღორისა და ინდაურის ხორცს, ზღვის პროდუქტს, ლობიოს, ჯონჯოლს, ხინკალს და ასე შემდეგ. თუმცა, მიყვარს ქათმისა და ხბოს ხორცი. უგემრიელეს პიურეს ვამზადებ ნაღებითა და კარაქით, საოცარ ტკბილ ფლავს და ჟელეს დესერტებს. მინდა, შემოგთავაზოთ, უგემრიელესი, ლამაზი და ფერადი ჟელეს ტორტის რეცეპტი, რომელიც საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი არაჟანი
🔸 3 სადილის კოვზი ჟელატინი
🔸 150 მილილიტრი რძე
🔸 200 გრამი შაქრის პუდრა
🔸 5 ჭიქა ნებისმიერი ხილის წვენი
🔸 რამდენიმე წვეთი კულინარიული საღებავი.
მომზადების წესი 👩🍳
ხილის წვენს (შეგიძლიათ, გამოიყენოთ კომპოტი), დაუმატეთ 2 სადილის კოვზი (კარგად სავსე) ჟელატინი, გააჩერეთ ნახევარი საათით და დადგით ცეცხლზე, თან ურიეთ, სანამ ჟელატინი გალღვება. არ უნდა ადუღდეს. ჩაასხით ფორმაში და მოათავსეთ მაცივარში, სანამ არ გამყარდება. რძეში ჩაყარეთ 1 სადილის კოვზი (კარგად სავსე) ჟელატინი, გააჩერეთ 20 წუთით. შემდეგ დადგით ცეცხლზე, დაამატეთ არაჟანი და შაქრის პუდრა, მოურიეთ შაქრის გადნობამდე. დაამატეთ კულინარიული საღებავი და კარგად ამოურიეთ. მაცივრიდან გამოიღეთ ხილის ჟელე და დაჭერით კუბიკებად. შემდეგ ჩაყარეთ ფორმაში და დაასხით ზემოდან არაჟნიანი მასა. მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამის განმავლობაში და სულ ესაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან