კექსი ლიმონითა და კენკრით სალომე გოგიაშვილისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 27.12
საკმაოდ კარგი კულინარი ვარ და რასაც ვამზადებ, გემრიელი გამომდის ყველაფერი – კერძი იქნება ეს თუ დესერტი. ვისაც ჩემი მომზადებული გაუსინჯავს, ამაში უდავოდ დამეთანხმება. სამზარეულოში ექსპერიმენტებიც მიყვარს, არ ვუშინდები და ჩემი ინტერპრეტაციით ნებისმიერი რამ უგემრიელესი გამომდის. უპირატესობას ჯანსაღ კვებას ვანიჭებ და ვაკონტროლებ პროდუქტის ხარისხს. თუ მივხვდი, რომ ცოტა მოვიმატე, საკმაო მოთმენის უნარი მაქვს და სასწრაფოდ დიეტის დაცვას ვიწყებ. მინდა, გაგიზიაროთ მარტივი და გემრიელი კექსის რეცეპტი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გამოუვა, მსუბუქი მისართმევია და არც დიდ დროს მოითხოვს.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 200 გრამი შაქარი
🔸 4 კვერცხი, 100 მილილიტრი რძე
🔸 200 გრამი არაჟანი
🔸 100 მილილიტრი რაფინირებული ზეთი
🔸 10 გრამი ვანილი
🔸 10 გრამი გამაფხვიერებელი
🔸 500 გრამი ფქვილი
🔸 1 ცალი ლიმონი
🔸 2 ფილა შავი შოკოლადი და კენკროვანი ხილი – თქვენი გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
გააკეთეთ გოგლიმოგლი გათეთრებამდე და ნელ-ნელა დაუმატეთ სხვა დანარჩენი ინგრედიენტები, ასეთი თანმიმდევრობით: ჯერ ამატებთ არაჟანს, რძეს, ზეთს, შემდეგ კი მშრალ ინგრედიენტებს. ბოლოს, ჩაასხით მიღებული მასა ცხიმწასმულ სასურველ საცხობ ყალიბში და მოათავსეთთ წინასწარ გახურებულ ღუმელში. აცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე, დაახლოებით, 55-60 წუთის განმავლობაში. მზა კექსს ზემოდან მოასხით გამდნარი შოკოლადი, მოალაგეთ თხლად დაჭრილი ლიმონის ნაჭრები და მორთეთ კენკროვანი ხილით. გამოგადგებათ გაყინული კენკრაც, რომელიც სუპერმარკეტებში იყიდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





