ქათმის სალათა ავოკადოთი, ბოლოკითა და მოხალული თხილით თაკო მელიქიშვილისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 20.04, 2021 წელი

მარტივი და გემრიელი სალათის რეცეპტი თაკო მელიქიშვილისგან 👇
ბოლო პერიოდში საკმაო დრო მქონდა, სამზარეულოში მეტრიალა და გემრიელი კერძები მომემზადებინა. კარგად გამომდის სადილები, სალათები, ხორცეულის კერძები, ცომეულთან კი ვერ ვმეგობრობ. რამდენჯერაც ვცადე, არ გამომივიდა და სამწუხაროდ, გადაყრა მომიწია. თავადაც ხორცის კერძები მიყვარს და ცომეულს ვერიდები. განსაკუთრებით, რაც სწორი კვება დავიწყე და წონაშიც დავიკელი, ცომს, შემწვარსა და დაბრაწულს ვერიდები, უპირატესობას ვანიჭებ მოხარშულ ხორცეულს, ცოცხალი ბოსტნეულის სალათებსა და ხილს. ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველებს კი შევთავაზებ ქათმის სალათას ავოკადოთი და ბოლოკით, რომელიც ადვილად მზადდება და ბევრი ინგრედიენტიც არ სჭირდება.
საჭირო ინგრედიენტები: 400 გრამი მოხარშული ქათმის ფილე, 2 ცალი პომიდორი, 1 ცალი ავოკადო, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 150 გრამი სალათის ფურცელი, 100 გრამი ბოლოკი, 150 მილილიტრი იოგურტი, ცოტა მოხალული თხილი, მარილი კი – გემოვნებით.
მომზადების წესი: მოხარშული ქათმის ფილე დაჭერით პატარა კუბიკებად. პომიდორიც დაჭერით თქვენთვის სასურველი ზომის ნაჭრებად. ავოკადო გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ გული, გაფცქვენით, რბილობი დაჭერით და მოასხით ლიმონის წვენი, რათა არ გაშავდეს. ბოლოკი გახეხეთ მსხვილად. სალათის ფოთლები კი ხელით დააქუცმაცეთ.
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ სასალათეში, მოაყარეთ მარილი, მოასხით იოგურტი, მოაყარეთ მოხალული თხილი და ფრთხილად ამოურიეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან