ქათმის რულეტი ყველისა და სოკოს გულსართით მზია გეწაძისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.11, 2023 წელი

მზია გეწაძე საყვარელი კერძის რეცეპტს „თბილისელებს“ უზიარებს👇
მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი. რასაც მოვინდომებ, ყველაფერი გემრიელი გამომდის. ქართული სამზარეულო მიყვარს, თუმცა მაქვს განსაკუთრებულად საყვარელი კერძები, მაგალითად, შემწვარი კარტოფილი, მოხარშული ხორცი და თევზი და ცოცხალი ბოსტნეული. ვცდილობ, ჯანსაღი პროდუქტით და სწორად ვიკვებო. ღამის საათებში საჭმელს არ მივირთმევ, მხოლოდ კეფირს ვსვამ. დღის განმავლობაში კი ვჭამ ცოტ-ცოტას და დღეში რამდენიმეჯერ. „თბილისელების“ ერთგულ მკითხველს გემრიელი კერძის მომზადების რეცეპტს შევთავაზებ. დარწმუნებული ვარ, თუ მოინდომებთ, ქათმის რულეტი ყველითა და სოკოს გულსართით მარტივად გამოგივათ.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 6 ნაჭერი ქათმის ფილე
🔸 300 გრამი ქამა სოკო
🔸 150 გრამი ყველი
🔸 3 კბილი ნიორი
🔸 3 სადილის კოვზი მაიონეზი
🔸 150 გრამი დაჭრილი ბეკონი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ყველი დაჭერით ძალიან წვრილად, დაუმატეთ დანაყული ნიორი, მაიონეზი და კარგად ამოურიეთ. სოკო მოხარშეთ. დაჭერით ძალიან წვრილად და შეურიეთ ყველის მასას. ქათმის ფილეს თითოეული ნაჭერი ჩაჭერით შუაში და ცოტა დაბეგვეთ. მოაყარეთ ცოტა მარილი და პილპილი. გაკეთებულ „ჯიბეში“ მოათავსეთ მომზადებული სატენი, ბეკონი, რულეტივით გადაახვიეთ და ცოტა ხანს გააჩერეთ, რომ გაიჟღინთოს. დააწყვეთ ტაფაზე და შებრაწეთ ცხელ აირღუმელში 35-40 წუთის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან