კულინარია

ქამა სოკოს კრემ-სუპი ნინო მუმლაძისგან

№27

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 12.07

სოკოს კრემ სუპი
დაკოპირებულია

ნინო მუმლაძე საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇

სამზარეულოში ფუსფუსი ძალიან მიყვარს, მსიამოვნებს და მეხალისება. კერძებსა და დესერტებს სწრაფად, მარტივად და გემრიელად ვამზადებ. არ არსებობს კერძი, რომელიც ვცადე და არ გამომივიდა. ვინც მიცნობს, იცის, რომ წლებია, წონის კონტროლი ჩემი პრობლემაა. გურმანისთვის კი ორმაგად რთულია რაღაცების აკრძალვა. ამიტომ, სულ ვცდილობ, იმ პროდუქტებით, რომლებიც დაბალკალორიულია, ახალ-ახალი ვარიაციები შევქმნა. მინდა, შემოგთავაზოთ უგემრიელესი და უმარტივესი წვნიანის რეცეპტი, რომელიც ყველას გამოუვა.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი ქამა სოკო

🔸 300 მილილიტრი 20-პროცენტიანი ნაღები

🔸 2 სადილის კოვზი კარაქი

🔸 3 სადილის კოვზი ფქვილი

🔸 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 1 ღერი ნედლი ქონდარი

🔸 1 კბილი ნიორი

🔸 მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

სოკო გარეცხეთ გამდინარე წყალში, გააცალკევეთ ქუდები ფეხებისგან. ფეხები დაჭერით მსხვილად, ხოლო ქუდები კი, თხელ ფირფიტებად. ჩაყარეთ სოკოს ფეხები ქვაბში, დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი, დაუმატეთ ქონდრის ღერი, ნიორი და დადგით ცეცხლზე. ხარშეთ ადუღებიდან 30 წუთი. ცალკე ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთის მესამედი. მასზე მოათავსეთ სოკოს დაჭრილი ქუდები, დაუმატეთ მარილი და პილპილი და მოშუშეთ 5 წუთი. სოკო წვენს გამოიღებს. გადაწურეთ წვენი ქვაბში, სადაც სოკოს ფეხები იხარშება. ტაფაში კი ქუდებს დაუმატეთ დარჩენილი ზეითუნის ზეთი და გააგრძელეთ შეწვით 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ სოკო გადაიტანეთ ქვაბში, ხარშვის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე. ამოიღეთ ქვაბიდან ქონდრის ღერი და ნიორი. გადმოასხით, დაახლოებით, 1 ჭიქა ბულიონი ცალკე ჭიქაში. ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ფქვილი და შუშეთ დაბალ ცეცხლზე 3-4 წუთის განმავლობაში. თან, სწრაფად ურიეთ. დაუმატეთ ფქვილის მასას სოკოს ცალკე შენახული ბულიონი. ურიეთ ხელის ზამბარით, რათა ფქვილი კარგად გაიხსნას. შუშეთ 7-10 წუთის განმავლობაში, სანამ არ მიიღებთ სქელ სოუსს. თუ ძალიან გაგისქელდათ, დაუმატეთ ბულიონი. ფქვილის მასა გადაიტანეთ ქვაბში და ათქვიფეთ ხელის ბლენდერით. წამოადუღეთ და ხარშეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ, დაუმატეთ ნაღები, მარილი და პილპილი. გამორთეთ ადუღებამდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა