იოგურტის სოუსში დამარინადებული და შემწვარი ქათამი გიგა კვენეტაძისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.11
გიგა კვენეტაძე საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇
ძალიან მიყვარს ქართული, ტრადიციული სამზარეულო. მართალია, გურმანი ვარ და მიყვარს გემრიელად დანაყრება, მაგრამ ვცდილობ, ცხიმიან და მსუყე კერძებს მოვერიდო. ვერიდები წონაში მომატებას, რადგან ასაკში საკმაოდ რთულია ზედმეტი კილოგრამების დაკლება და თან, დღის განმავლობაში მჯდომარე სამუშაო რეჟიმი მაქვს. ვცდილობ, ისეთი საკვები მივირთვა, რომელიც ორგანიზმისთვის ადვილად ასათვისებელი, მარგებელი და ჯანსაღია. რასაკვირველია, არსებობს გამონაკლისები, როცა ისეთი საკვების მიღება მიწევს, რომელიც ვიცი არაჯანსაღია, მსუყეც, მაგრამ გამონაკლისი ათასში ერთხელ „მოსულა“. მინდა, შემოგთავაზოთ, იოგურტის გემრიელ სოუსში დამარინადებული და შემწვარი ქათმის რეცეპტი, რომელიც საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია, არ საჭიროებს ბევრ ინგრედიენტს და იდეალურია ოჯახური ვახშმისთვის.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 დიდი ქათამი
🔸 1 ჭიქა ნაკლებად ცხიმიანი იოგურტი
🔸 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი
🔸 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი
🔸 1 კბილი ნიორი
🔸 ცოტა ორეგანო, ნახევარი კონა ოხრახუში
🔸 მარილი, შავი პილპილი და წიწაკა გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
შეურიეთ ერთმანეთს ზეითუნის ზეთი და იოგურტი, დაამატეთ დანაყილი ნიორი, ასევე, მარილი, პილპილი, ორეგანო, ლიმონის წვენი და დაჭრილი ოხრახუში. სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში გადაიტანეთ დაჭრილი ქათამი და დაუმატეთ მარინადი. გადაურიეთ, რომ ქათმის ნაჭრებს კარგად მოედოს მარინადი და პაკეტი მოათავსეთ მაცივარში და რამდენიმე საათით დატოვეთ. გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსამდე. გამოსაცხობ ფორმაზე გადაიტანეთ ხორცი მარინადთან ერთად, დააფარეთ ფოლგა და მოამზადეთ 30 წუთის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ ფორმას ფოლგა მოაშორეთ და შეწვით ქათამი სასურველი ფერის მიღებამდე ანუ დაბრაწვამდე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან