გემრიელი პასტა პომიდვრის სოუსითა და ხორცის ბურთულებით ელენე ფოჩხუასგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 28.09, 2023 წელი

ელენე ფოჩხუა საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს“ უზიარებს 👇
გემრიელი ხელი მაქვს, ყველაფერი კარგად გამომდის და ნებისმიერი კერძის მომზადება შემიძლია. გურმანიც ვარ და მიყვარს გემოების „თამაში“. ბოლო პერიოდში ვერიდები ზედმეტად ცხიმიან საკვებს და ცომეულს, რომ ფორმაში ვიყო. ზოგადად, მიმაჩნია, ქალმა თუ მოინდომა, აუცილებლად ისწავლის და ყველა სახის კულინარიული ნაწარმი გამოუვა, საჭმელი იქნება ეს, ტკბილეული თუ დესერტები. შემიძლია, შემოგთავაზოთ, უმარტივესი პასტის რეცეპტი პომიდვრის სოუსითა და ხორცის ბურთულებით, რომელიც დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ადამიანს გემრიელი გამოუვა.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 400 გრამი ხორცის ფარში
🔸 400 გრამი პასტა
🔸 3 ნაჭერი თეთრი პური
🔸 1 კვერცხი
🔸 2 კბილი ნიორი
🔸 3 თავი ხახვი
🔸 450 გრამი პომიდორი
🔸 1 კონა ქონდარი
🔸 1 ცალი ბულგარული წიწაკა
🔸 1 კონა ოხრახუში
🔸 ცოტა ბეგქონდარა
🔸 1 ჭიქა საფანელი
🔸 ზეითუნის ზეთი
🔸 მარილი და წიწაკა – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ხორცის ფარშს დაუმატეთ 2 თავი დაქუცმაცებული ხახვი და კვერცხი. პური დაალბეთ თბილ წყალში, გაწურეთ, ისიც დააქუცმაცეთ და შეურიეთ მომზადებულ ფარშს. დაუმატეთ მარილი, წიწაკა, ბეგქონდარა და კარგად აურიეთ. გააკეთეთ პატარა გუნდები, ამოავლეთ საფანელში და გაცხელებულ ზეთში შეწვით. შემდეგ გადაიტანეთ საშრობ ქაღალდზე, რომ დაიწრიტოს.
1 თავი ხახვი, ნიორი და ბულგარული წიწაკა წვრილად დაჭერით და ზეთში მოშუშეთ. დაუმატეთ კანგაცლილი და დაჭყლეტილი პომიდორი და შუშეთ რამდენიმე წუთი. ჩაუმატეთ მარილი, წიწაკა და წვრილად დაჭრილი მწვანილი.
მოხარშეთ პასტა, გადაწურეთ, შეურიეთ პომიდვრის სოუსი, ზემოდან დააწყვეთ ხორცის ბურთულები და სუფრაზე ისე მიიტანეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან