გამომცხვარი კარტოფილი სოიოს სოუსით, წიწაკითა და ხახვით გია ჯაჯანიძისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 29.07, 2021 წელი

საოცარი გურმანი ვარ, თუმცა მიყვარს მსუბუქად დანაყრება, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ორგანიზმი სიცხეში დასუსტებულია და ზედმეტი საკვების მონელება უჭირს. გემოსთან ერთად აუცილებლად ვაქცევ ყურადღებას, კერძის ვიზუალსა და სურნელს. მაგიდას რომ მივუჯდები, ჯერ კერძმა უნდა მომჭრას თვალი, მერე მისმა სურნელმა მიმიზიდოს და ბოლოს მისი გემოთიც უნდა ვისიამოვნო. თავადაც გადასარევად ვამზადებ და მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება. ჩემი ხელით მომყავს სხვადასხვა ხილი, ბოსტნეული და მათგან საოცარი კერძები და დესერტები გამომდის. ახლა კი გასწავლით უმარტივესი, მსუბუქი და არომატული კერძის – გამომცხვარი კარტოფილის მომზადებას წიწაკითა და ხახვით.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი კარტოფილი
🔸 3 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
🔸 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
🔸 1 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი
🔸 3 სუფრის კოვზი ზეთი
🔸 2 სუფრის კოვზი საფანელი
🔸 1 კონა კამა
🔸 მარილი – გემოვნებით
მომზადების წესი:
კარტოფილი გათალეთ და დაჭერით ოთხკუთხედებად. დაასხით წყალი და რომ ადუღდება, დაახლოებით, 5 წუთი ხარშეთ. შემდეგ, გადაწურეთ.
დაჭერით წიწაკა საშუალო ზომაზე. ხახვი და ნიორი კი – წვრილად.
შეურიეთ ერთმანეთს ყველა ინგრედიენტი: კარტოფილი, წიწაკა, ხახვი, ნიორი, საფანელი, ზეთი, სოიის სოუსი, მარილი.
გადაიტანეთ ღუმელის ტაფაზე ერთ ფენად და შეწვით ღუმელში 200 გრადუსზე, დაახლოებით, 20-30 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ და მოაყარეთ კამა.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან