ეკლერები ვანილის კრემით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 11.08, 2024 წელი
გემრიელი ეკლერების რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 125 მილილიტრი რძე
🔸 125 მილილიტრი წყალი
🔸 100 გრამი კარაქი
🔸 ცოტა მარილი
🔸 ცოტა შაქარი
🔸 4 კვერცხი
🔸 170-200 გრამი ფქვილი.
კრემი: 2 კვერცხი, 500 მილილიტრი რძე, 160 გრამი შაქარი, 3 სადილის კოვზი ფქვილი, 100 გრამი კარაქი, შოკოლადი - მოსასხმელად, ვანილი.
მომზადების წესი 👩🍳
ცეცხლგამძლე თასში ჩაასხით 125 მილილიტრი რძე, შეურიეთ 125 მილილიტრი წყალი, ჩაყარეთ მასში დაჭრილი კარაქი, დადგით დაბალ ცეცხლზე, ნელი მორევით მიიყვანეთ ადუღებამედე, გადმოდგით და ნელ-ნელა, მცირე ულუფებად შეურიეთ ფქვილი. მუდმივი მორევით უნდა გამოვიდეს რბილი ცომი, თან ხელებზეც არ უნდა გეკრობოდეთ. შემდეგ ცომში შეურიეთ 4 კვერცხი და აზილეთ ხელით.
ტაფაზე გაშალეთ გამოსაცხობი ქაღალდი და წაუსვით ცოტა ცხიმი. ცომისგან გააკეთეთ გრძელი, ეკლერის ფორმის ორცხობილები, მოათავსეთ აირღუმელში და გამოაცხვეს 30 წუთის განმავლობაში.
მოამზადეთ კრემი: თასში ჩაასხით რძე, შეურიეთ შაქარი, ჩაუმატეთ ვანილი, შემდეგ სამი სადილის კოვზი ფქვილი და გახსენით კარგად, ჩაუმატეთ 2 კვერცხი, აურიეთ ძალიან კარგად, დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, შეასქელეთ მუდმივი მორევით და მოხარშეთ კრემი. გადმოდგით ცეცხლიდან და ცოტა რომ გაცივდება, მიქსერით შეურიეთ 100 გრამი კარაქი და ძალიან კარგად ათქვიფეთ. ნამცხვარი გაჭერით შუაში, სიბრტყეზე, წაუსვით კრემი, დაალაგეთ ლანგარზე და ზემოდან მოაწუწეთ გამდნარი შოკოლადი. ბოლოს კი მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან