დიეტური კატლეტები ბარბარა სამხარაძისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 29.08
ბარბარა სამხარაძე საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇
მიყვარს გემრიელად ჭამა, გურმანიც ვარ, თუმცა, ამ ბოლო დროს სწორი კვების კულტურა გამოვიმუშავე – ვჭამ ყველაფერს, რაც მინდა, შეზღუდვის გარეშე, ოღონდ – ზომიერად და ცოტ-ცოტას. ამით ორგანიზმს საკმაოდ ბევრი ზედმეტი კილოგრამი ჩამოვაცილე. ასე ვაგრძელებ და მომავალში კიდევ დავიკლებ. არაერთხელ ვყოფილვარ დიეტაზე, მაგრამ ნებისყოფა არ მყოფნიდა და მეორე დღესვე ვარღვევდი. ახლა კი ვცდილობ, თუ ერთ დღეს ცოტა ზედმეტი ჭამა მომივიდა, მეორე დღეს შევიზღუდო თავი. ახლა კი გასწავლით უგემრიელესი დიეტური კატლეტების რეცეპტს, რომელიც საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია და მსუბუქად დასანაყრებელი.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი ქათმის ფილე
🔸 1 ჭიქა 10-პროცენტიანი ნაღები
🔸 2 ნაჭერი პური
🔸 2 კვერცხი
🔸 ნახევარი კონა ოხრახუში
🔸 ნახევარი კონა ნიახური
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით
🔸 ზეთი – შესაწვავად.
მომზადების წესი 👩🍳
ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად და გაატერეთ მწვანილთან ერთად. პურის ნაჭრები მოათავსეთ ჯამში, დაასხით ნაღები და გააჩერეთ 10 წუთი. დაუმატეთ ფარშს კვერცხი და დამბალი პური, კარგად აურიეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი, ჰაეროვანი ფარში. მიღებული მასისგან გააკეთეთ კატლეტები და შეწვით ზეთში. შემდეგ, გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოაშოროთ ზედმეტი ცხიმი. შეგიძლიათ, კატლეტები ორთქლზე მოამზადოთ – ასე უფრო მსუბუქ და დიეტურ კერძს მიიღებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან