დესერტი ხილითა და ნიგვზით მერსი სულხანიშვილისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 15.05, 2022 წელი

საყვარელი კერძის რეცეპტს მერსი სულხანიშვილი ,,თბილისელებს" უზიარებს.
ძალიან მიყვარს გემრიელად ჭამა. კერძი მხოლოდ გემრიელი კი არა, ლამაზი და სასარგებლოც უნდა იყოს. ვიზუალსა და შემადგენლობას დიდ ყურადღებას ვაქცევ. წლებია, ვაკვირდები და სწორედ გემოსა და შემადგენლობაზეა დამოკიდებული, რამდენად დავნაყრდებით და ასევე, იმაზე თუ როგორ გამოვიყურებით. სამწუხაროდ, არსებობს საჭმელი რომელიც ძალიან გვიყვარს, მათ შორის მეც, მაგრამ ნაკლებად სასარგებლოა. ვფიქრობ, რომ კარგი კულინარი ვარ, პროდუქტების არჩევაც კი სიამოვნებას მანიჭებს. ნებისმიერი კერძისთვის ინგრედიენტებს სარგებლის მიხედვით ვარჩევ. ფორმების შენარჩუნებაში გენეტიკაც მეხმარება. ამის მიუხედავად, დილას აუცილებლად ვარჯიშით ვიწყებ, შემდეგ ვსვამ ნახევარ ლიტრ წყალს და ნახევარ საათში ვსაუზმობ. შემოგთავაზებთ გემრიელი დესერტის მომზადების რეცეპტს, რომელიც მე ძალიან მიყვარს, ხშირად ვამზადებ და თავს ვინებივრებ.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 250 გრამი მაწონი
🔸 1 ბანანი
🔸 40 გრამი ჩიას თესლი
🔸 150 გრამი მარწყვი და სხვა კენკრა – გემოვნებით.
ბანანი, მარწყვი, ნიგვზის ლებნები და კივი – მოსართავად.
მომზადების წესი 👩🍳
ბანანი ჩაჭყლიტეთ, დაასხით მაწონი, ჩაყარეთ ჩიას თესლი, ასევე წვრილად დაჭერით მარწყვი და სხვა კენკრა. აურიეთ. მთელი ღამე გააჩერეთ მაცივარში. მირთმევამდე ზემოდან მორთეთ სურვილისამებრ – დაჭრილი ბანანით, კივით, მოცვით, მარწყვით, ნიგვზის ლებნებით. ძალიან გემრიელი, სასარგებლო და ნოყიერია.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან