„დაფარშული“ ქათმის ფილე ნაღებისა და სოკოს სოუსით ვახო ბიჭიკაშვილისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 09.11

ვახო ბიჭიკაშვილი საყვარელი კერძის რეცეპტს „თბილისელებისგან“ 👇
მიყვარს მრავალფეროვანი, გემრიელი და ვიზუალურად ლამაზი კერძების დაგემოვნება. როცა დრო მაქვს, სახლშიც ხშირად ვამზადებ, ძირითადად, ხორცეულს. ვცდილობ, ჩემი ინტერპრეტაციით სხვადასხვა გემოები „შევაჯვარო“ და საბოლოო ჯამში, კერძს პიკანტურთან ერთად, საინტერესო გემოც მივცე. ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველს მინდა, შევთავაზო წიწიბურით „დაფარშული“ ქათმის ფილეს რეცეპტი, ნაღებისა და სოკოს სოუსით, რომელიც პიკანტური გემოთი გამოირჩევა და საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 4 ნაჭერი ქათმის ფილე
🔸 1 თავი ხახვი
🔸 1 სადილის კოვზი კარაქი
🔸 500 მილილიტრი ნაღები
🔸 500 გრამი ქამა სოკო
🔸 160 გრამი წიწიბურა
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
მოხარშეთ წიწიბურა მარილწყალში. ქვაბში ჩასხით ცოტა ზეთი, დაამატეთ კარაქი, წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ. როგორც კი ხახვი ოქროსფერი გახდება, დაუმატეთ თხელ ფირფიტებად დაჭრილი სოკო და მოხრაკეთ, სანამ სითხე მთლიანად არ ამოშრება. დაუმატეთ მარილი და პილპილი. მომზადებული მასის ნახევარი შეურიეთ მოხარშულ წიწიბურას. ქათმის ფილეებს მოაჭერით ზედაპირი ისე, რომ მიიღოთ ამოღრმავებული ადგილი და თითოეული ფილე ამოავსეთ წიწიბურას ფარშით, დააფარეთ ამოჭრილი ნაწილი და შეწვით ტაფაზე, ზეთში, ორივე მხრიდან. ქვაბში დარჩენილ სოკოსა და ხახვის მასას დაასხით ნაღები, დადგით ცეცხლზე, ჩააწყვეთ შემწვარი ქათმის ფილე და შუშეთ 10 წუთის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან