ჩაშუშული ხბოს ხორცი ბოსტნეულით გიორგი მასხულიასგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 22.12, 2022 წელი

გიორგი მასხულია საყვარელი კერძის რეცეპტს „თბილისელებს" უზიარებს👇
საკმაოდ კარგი ხელი მაქვს და მიყვარს სამზარეულოში კერძების კეთება, მაგრამ სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ამის დრო ნაკლებად მაქვს. სასწაული და საუკეთესო ელარჯი გამომდის და უგემრიელესად ვწვავ ხორცს. სამეგობრო წრეში ცნობილია ჩემი გემრიელობები და მთხოვენ, გავუკეთო სასწაული კერძები. ასე რომ, სასიამოვნო სადილები არ გვაკლია (იცინის). ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველს მინდა, გავანდო ბოსტნეულში ჩაშუშული ხორცის ჩემეული რეცეპტი.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი ხბოს ხორცი
🔸 4 ცალი კარტოფილი
🔸 1 ცალი წითელი და 1 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა
🔸1 დიდი თავი ხახვი
🔸 ნახევარი ჩაის კოვზი დაფქული ხმელი ქონდარი
🔸2 კბილი ნიორი
🔸 1 კონა ქინძი და ნახევარი კონა ოხრახუში
🔸 წითელი დაფქული წიწაკა
🔸 ზეთი და კარაქი შესაწვავად
🔸 მარილი და პილპილი კი გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
დაჭერით ხორცი და კარტოფილი კუბიკებად. ბულგარული წიწაკა მსხვილ ნაჭრებად, ხახვი წვრილად. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და კარაქი. დაბრაწეთ ხორცის ნაჭრები ყველა მხრიდან. შემდეგ, დაამატეთ დაჭრილი ხახვი. რამდენიმე წუთი შუშეთ საშუალო ცეცხლზე. შემდეგ, დაამატეთ კარტოფილი და წიწაკა. შუა წვის პროცესში მოაყარეთ მარილი, პილპილი, ხმელი ქონდარი, წვრილად დაჭრილი ნიორი, წითელი წიწაკა. შეწვით კვლავ საშუალო ცეცხლზე. შეგიძლიათ შეწვათ ღუმელში. ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან