ბოსტნეულის სალათა ძეხვითა და ტკბილი მდოგვით ნატუკა გულისაშვილისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 16.11

ნანუკა გულისაშვილი საყვარელი კერძის რეცეპტს „თბილისელებს“ უზიარებს 👇
ჭამაც მიყვარს, კეთებაც და ყველაფერი კარგად გამომდის. კარგ ხორციან საჭმელებსა და სალათებს ვაკეთებ და ნებისმიერ ტკბილეულს, ნამცხვარსა და უცხოურ კერძებსაც. თავად ხორცეული და სალათები მიყვარს. რასაკვირველია, გურმანობა ჩემს წონაზეც აისახება, მაგრამ ვერ ვვარჯიშობ, ვერც განტვირთვის დღეებს ვიწყობ, ვერც ვდიეტობ, მხოლოდ ვცდილობ, ღამით კვებას მოვერიდო. მინდა, შემოგთავაზოთ გემრიელი სალათა ბოსტნეულით, ძეხვითა და ტკბილი მდოგვით, რომელიც კარგად ანაყრებს და თან, მსუბუქი მისართმევია.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸1 ცალი ბულგარული წიწაკა
🔸 1 ცალი მოხარშული და კანგაცლილი ჭარხალი
🔸 1 ცალი მჟავე კიტრი
🔸 100 გრამი შებოლილი ძეხვი
🔸 5 ღერი მწვანე ხახვი
🔸 1,5 სადილის კოვზი მაიონეზი
🔸 1 სადილის კოვზი არაჟანი
🔸1 ჩაის კოვზი ტკბილი მდოგვი
🔸 1 კონა კამა
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ჭარხალი, ბულგარული წიწაკა, ძეხვი და კიტრის მწნილი პატარა ზომის კუბებად დაჭერით და სასალათეში მოათავსეთ. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. ცალკე აურიეთ არაჟანი, მაიონეზი, მდოგვი, მარილი, პილპილი და შეურიეთ სასალათეში მოთავსებულ ინგრედიენტებს. ბოლოს ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან