ბოსტნეულის დიეტური ცხელი სალათა შორენა იმნაძისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 19.03

შორენა იმნაძე საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇
ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად არ მიწევს სამზარეულოში ტრიალი, თუმცა როცა დრო მაქვს, გემრიელ და არომატულ სადილებსა და დესერტებს ვამზადებ. მიმაჩნია, რომ ქართული კერძების გემოს ვერანაირი უცხო ქვეყნის კერძი ვერ შეედრება. ბოლო პერიოდია, საკუთარ წონას მკაცრად ვაკონტროლებ, რათა ფორმაში ვიყო. ვიცავ სწორი კვების რეჟიმს და ვვარჯიშობ. ასევე, ვცდილობ, გვიან არ ვჭამო და ბევრს დავდივარ ფეხით. შემიძლია, შემოგთავაზოთ სასწაულად გემრიელი, იმავდროულად, დიეტური ბოსტნეულის ცხელი სალათის რეცეპტი. განსხვავებული კერძია და ადვილად მოსამზადებელი.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 400 გრამი ბადრიჯანი
🔸 2 ცალი ბულგარული წიწაკა
🔸 8 ცალი პომიდორი ჩერი
🔸 1 თავი დაჭრილი ხახვი
🔸 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი
🔸 ნახევარი ჩაის კოვზი წითელი წიწაკა
🔸 3 სადილის კოვზი პესტოს სოუსი
🔸2 ჩაის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი
🔸 300 გრამი მოხარშული მუხუდო
🔸 1 კონა რუკოლა, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ბულგარული წიწაკა, პომიდორი და ბადრიჯანი კუბებად დაჭერით, დაუმატეთ ხახვი, წიწაკა, მოასხით ზეთი, მოათავსეთ ღრმა საცხობ ფორმაში, მოაყარეთ მარილი, პილპილი და მოამზადეთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში. ბოსტნეული გამოიღეთ ღუმლიდან, დაუმატეთ პესტოს სოუსი, ძმარი, მუხუდო, რუკოლას ფოთლები, ნაზად გადაურიეთ და სალათაც მზადაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან