ბერძნული კერძი ქეთი გომართელისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 12.04, 2022 წელი
ქეთი გომართელი საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇
როცა თავისუფალი დრო მაქვს, მიყვარს სამზარეულოში ტრიალი და გემრიელი კერძებისა და დესერტების მომზადება. სხვათა შორის, კარგად გამომდის, განსაკუთრებით კი – ბოსტნეულის კერძები. თავად გურმანი ვარ და მომწონს, როცა კერძი არა მარტო გემრიელია, არამედ ვიზუალურადაც ლამაზად და მადისაღმძვრელად გამოიყურება. მართალია, ჭამა მიყვარს, მაგრამ ეს ჩემს წონაზე არ აისახება. ზოგადად, უპირატესობას ჯანსაღ პროდუქტს ვანიჭებ და ვცდილობ, ზომიერად ვიკვებო. შემოგთავაზებთ ბერძნული რეცეპტით თევზის მომზადებას, რომელიც მე ძალიან მიყვარს.
საჭირო ინგრედიენტები: 4 ნაჭერი თევზის ფილე, 3 ცალი სტაფილო, 1 თავი ხახვი, 3 ცალი პომიდორი, 3 ღერი პრასი, 1 ჩაის კოვზი ტომატ-პასტა, 1 კონა ოხრახუში, 2 კვერცხი, მარილი, პილპილი და წითელი დაფქული წიწაკა – გემოვნებით, საფანელი – ამოსავლებად.
მომზადების წესი 👩🍳
თევზის ფილეს მოაყარეთ მარილი და პილპილი. ღრმა თეფშში ათქვიფეთ კვერცხი. თევზი ჯერ კვერცხში ამოავლეთ, შემდეგ საფანელში და შეწვით ტაფაზე. ღრმა ტაფაში, ზეთში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი, პრასი და გახეხილი სტაფილო. დაამატეთ დაჭრილი პომიდორი და ტომატ-პასტა. შუშეთ 10 წუთი. მოაყარეთ მარილი, წითელი წიწაკა და პილპილი. შემწვარი თევზი გადაიტანეთ თეფშზე, ზემოდან დაადეთ ბოსტნეული და მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





