ბადრიჯანი კორეულად (სამარხვო)
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 21.03

გემრიელი სამარხვო კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 ცალი მოზრდილი ბადრიჯანი
🔸 1 ცალი წითელი ცხარე წიწაკა
🔸 1 ცალი ბულგარული წიწაკა
🔸 1 თავი ხახვი
🔸 1 ცალი სტაფილო
🔸 1 ცალი პომიდორი
🔸 2 სადილის კოვზი ტომატ-პასტა
🔸 100 მილილიტრი ზეთი
🔸 4 კბილი ნიორი
🔸 1 სადილის კოვზი მარილი
🔸 1 სადილის კოვზი შაქარი
🔸 1 ჩაის კოვზი ძმარი
🔸 2 სადილის კოვზი სოიის სოუსი
🔸 1 სადილის კოვზი სახამებელი
🔸 ქინძი, კამა, 1 სადილის კოვზი თეთრი ქუნჯუთი.
მომზადების წესი 👩🍳
ბადრიჯანი კარგად გარეცხეთ, თავი და ბოლო მოაჭერით, დაჭერით კუბიკებად, 10-15 წუთით მოათავსეთ ცხელ აირღუმელში. შემდეგ მოყარეთ მარილი, აურიეთ და გააჩერეთ 30 წუთი. ამ დროში გაასუფთავეთ, მოამზადეთ და დაჭერით დანარჩენი ბოსტნეული. ბადრიჯანს მოასხით სოიის სოუსი, მოაყარეთ სახამებელი და კარგად აურიეთ. მსხვილად დაჭრილი ხახვი მოათავსეთ სქელძირა ტაფაზე და ზეთში კარგად მოშუშეთ, სტაფილო დაჭერით ძალიან წვრილ, გრძელ ჩხირებად, მოშუშეთ ხახვთან ერთად, ორივე წიწაკა, ცხარეც და ბულგარულიც წვრილად დაჭერით, დაუმატეთ სტაფილოს და ხახვს, აურიეთ და საშუალო სიმძლავრის ცეცხლზე მოშუშეთ. ბოლოს დაუმატეთ ბადრიჯანი, ცოტა მოუმატეთ ცეცხლს და შებრაწეთ. კანგაცლილი პომიდორი დაჭერით კუბიკებად, დაუმატეთ ტომატ-პასტა და აურიეთ. მოასხით ბოსტნეულს. მოაყარეთ შაქარი, მარილი, მოასხით ძმარი, გასრესილი ნიორი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და სულ ბოლოს მოაყარეთ თეთრი ქუნჯუთი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან