ატრია ქათმის ხორცით, ნაღებითა და ყველით ბაბი კირკიტაძისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 02.12, 2021 წელი

ბაბი კირკიტაძე საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇
საკმაოდ კარგი ხელი მაქვს და თუ დრო მაქვს, გემრიელ კერძებსაც ვამზადებ. ზოგადად, გურმანიც ვარ და ბავშვობიდან მიყვარს გემრიელად დანაყრება. თუმცა, ამ ბოლო დროს ვცდილობ, წონა ვაკონტროლო და ზედმეტი საკვების მიღებისგან თავი შევიკავო. არასოდეს მაწუხებდა ჩემი ზედმეტი წონა, თუმცა, როცა სცენაზე დგახარ, ტელევიზიის ეკრანიდან ჩანხარ და კონცერტებზე გამოდიხარ, ფორმაში უნდა იყო და წონაც აკონრტოლო. ასე რომ, დავიკელი ზედმეტი კილოგრამები და ვცდილობ, აღარ მოვიმატო. ახლა კი, შემოგთავაზებთ ატრიის მომზადებას ქათმის ხორცით, ნაღებითა და ყველით. ამ კერძისთვის უმჯობესია, გაყინული ატრია არ იყიდოთ და სახლში მოამზადოთ, საკმაოდ მარტივია: წყლითა და ფქვილით მოზილეთ მაგარი ცომი, თხლად გააბრტყელეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით, შემდეგ კი მდუღარე მარილიან წყალში მოხარშეთ.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 400 გრამი მოხარშული ატრია
🔸 2 ცალი პომიდორი
🔸 300 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი
🔸 2 თავი ხახვი
🔸 1 სუფრის კოვზი ნაღები, 2 სუფრის კოვზი კარაქი
🔸 2 კბილი ნიორი, 3 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი
🔸 1 კონა ოხრახუში, მარილი და პილპილი კი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით და კარაქში მოშუშეთ. დაუმატეთ დაჭრილი მოხარშული ქათმის ხორცი და განაგრძეთ შუშვა. 3 წუთში დაასხით ნაღები და ამოურიეთ. დაამატეთ მარილი, პილპილი, ოხრახუში და ატრია. როდესაც ატრია ყველა მხრიდან შეცხელდება, დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი და ამოურიეთ. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ ყველი და დაჭრილი მწვანილი. კერძი მიირთვით ცხლად.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან