ვინ იყო ცნობილი ქართველი თაღლითი, მეტსახელად „ბენო“
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00
ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
„ბენო“
თბილისელი ომარ ბენიძე, პროფესიით მხატვარი იყო და საკმაოდ მაღალი დონის. მას თბილისის სამხატვრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული და მუზეუმში რესტავრატორად მუშაობდა. თუმცა, მხოლოდ ორი წელი გაძლო სამსახურში. შემდეგ ერთ-ერთ საწყობში მოეწყო გამგედ და იმხელა დანაკლისი აღმოუჩნდა, რომ 4 წლით ციხეში ჩასვეს. იქ მან კრიმინალური „ანბანი“ აითვისა. სხვადასხვა „მასტის“ ხალხი გაიცნო და „სროკიდან“ რომ გათავისუფლდა, უკვე კრიმინალური მენტალიტეტით იყო გაჟღენთილი და სხვა გზაზე დადგომის არანაირი სურვილი აღარ გააჩნდა. ომარ ბენიძეს კოლეგებმა მეტსახელად „ბენო“ შეარქვეს და მთელი შავი სამყარო ამ სახელით იცნობდა. „ბენო“, ძირითადად, თაღლითობაზე სპეციალიზდებოდა და მახვილი გონებისა და არტისტიზმის წყალობით, საკმაო წარმატებებსაც აღწევდა. „ბენოს“, მარტო უყვარდა მუშაობა და ძალიან იშვიათად იყენებდა პარტნიორს. ის წარმოსადეგი გარეგნობის მამაკაცი იყო. ციხეში საფუძვლიანად შეისწავლა ინგლისური ენა. წიგნის კითხვაც უყვარდა და უზადოდ იცვამდა. მას ერთ საქმეში შეეძლო, რკინიგზის მაზუთით გაჟღენთილი მუშის როლი შეესრულებინა, მეორე საქმეში კი საზღვარგარეთ მომუშავე, მაღალი რანგის დიპლომატის ტიპაჟად გარდასახულიყო. ამ ყველაფერს კი თაღლითი იმდენად ოსტატურად ასრულებდა, რომ მსხვერპლს ერთისაც სჯეროდა და მეორისაც.
„გენერალშა“
მეორე „სროკზე“ „ბენო“ ერთი აფერა-ქურდობის საქმეზე გაამწესეს. ერთ ზაფხულს ქალაქ სოჭში ბენიძემ შუახნის ლამაზი ქალბატონი გაიცნო და მასთან სასიყვარულო ურთიერთობები გააბა. გააბრუა, თავი შეაყვარა და უთხრა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საბჭოთა საელჩოში მუშაობდა ეკონომიკურ მრჩევლად. ქალმა ეს უპირობოდ დაიჯერა და უთხრა:
– სამ დღეში მოსკოვში უნდა დავბრუნდე. სახლში მთელი ერთი თვე მარტო ვიქნები და სტუმრად მეწვიეო.
შუა ხნის ქალბატონი სამხედრო გენერლის მეუღლე იყო. შვილი მათ არ ჰყავდათ და პრესტიჟულ სახლში მდიდრულად ცხოვრობდნენ. „ბენო“ კი იმიტომ მიიწვია თავისთან, რომ იმ პერიოდში მისი მეუღლე ერთთვიან სამხედრო სწავლებაზე იმყოფებოდა რუმინეთში. „ბენო“ ქალს ეწვია და მასთან მხურვალე ღამე გაატარა, თან, ყურადღებით დაათვალიერა მდიდრული ბინა. მეორე დღეს კი „გენერალშას“ რესტორან „არაგვში“ პაემანი დაუნიშნა და სუფრა წინასწარ შეუკვეთა. „გენერალშა“ კარგად გამოეწყო და რესტორანში დანიშნულ დროზე მივიდა. ელოდა, ელოდა „დიპლომატს და ის რომ არ გამოჩნდა, სახლში დაბრუნდა, თუმცა მთელი ანტიკვარიატი, ძვირფასულობა და დიდძალი ფული გატაცებული დახვდა. „გენერალშას“ ფართო ნაცნობობა ჰყავდა ძალოვან სტრუქტურებში და მოსკოვის მილიციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და დახმარება სთხოვა. „ბაბნიკმა“ პოლკოვნიკმა „ბენო“ დააპატიმრა და გატაცებული ნივთები დააბრუნებინა. თავად კი „გენერალშას“ საყვარლის სტატუსი მოიპოვა. „ბენო“ 8 წლით ჩასვეს ციხეში. გენერალი რომ „უჩენიებიდან“ დაბრუნდა, ყველაფერი მოგვარებული დახვდა, ერთგული და მოსიყვარულე „გენერალშა“ კი – გახარებული და „მონატრებული“.
ფრანგი მეღვინე
„პერესტროიკა“ პიკს აღწევდა და „ბენოს“ ფართო ასპარეზი გაეხსნა მოღვაწეობისთვის. მოსკოვში „ბენომ“ ერთი მილიონერი ფრანგი მეღვინე გაიცნო, რომელიც ძველი ღვინოების შესყიდვით იყო დაინტერესებული. მუსიე ჟანი 60 წლის სანდომიანი მამაკაცი იყო. „ბენომ“ მაშინვე დაუჭირა „მუღამი“ – თავი ღვინის მრეწველობის თანამდებობის პირად გააცნო და შესთავაზა, რომ ყირიმის სამეფო მარნიდან კოლექცია შეეძინა. მარანში 200 წლის ყველა სახის ღვინო და სხვა სპირტიანი სასმელები იყო შენახული. იქ ექსკურსიები იმართებოდა და დასვენების დღე კვირა იყო. სწორედ კვირა დღეს წაიყვანა „ბენომ“ მუსიე ჟანი ყირიმში. დარაჯს წინასწარ მოელაპარაკა (მას 300 მანეთი გადაუხადა), ფრანგი მეღვინე მარანში შეიყვანა და სასურველი ღვინოები შეარჩევინა. 100 ათასი დოლარი წინასწარ გამოართვა და შეუთანხმდა, რომ არჩეულ, ნაყიდ პროდუქციას მეორე დღეს თვითმფრინავით გაატანდა პარიზში. „ბენო“, რა თქმა უნდა, ფულიანად აორთქლდა. ფრანგ მეღვინეს კი ლოდინისგან მოთმინება რომ გადაეწურა, ღვინის მარნის ადმინისტრაციას მიადგა და არჩეული ღვინის კოლექცია მოითხოვა... ფრანგი ჯერ შეშლილი ეგონათ, რადგან ეს კოლქცია 10 მილიონი დოლარი ღირდა, თან არ იყიდებოდა. შემდგომ კი ყველაფერი გაირკვა და „ბენოზე“ საკავშირო ძებნა გამოცხადდა. ომარ ბენიძე ორი თვის შემდეგ, თბილისის ფუნიკულიორის რესტორანში მაშინ დააკავეს, როდესაც ერთ ლენინგრადელ ქალბატონს „გენერალშას“ მსგავს „აფერას უგორებდა“. ფრანგისთვის „ახეული“ 100 ათასი დოლარიდან „ბენოს“ მხოლოდ 20 ათასი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა ფრანგისთვის ისიც არ დაუბრუნებიათ. ქართველი თაღლითი კი გაასამართლეს და ციხეში 6 წლით გაამწესეს, მაგრამ ის 18 თვეში უკვე ამნისტიით გათავისუფლდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან