კრიმინალური ისტორიები

ვინ იყო ცნობილი ქართველი თაღლითი, მეტსახელად „ანტონ დიდი“

№40

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

საჩუქარი

ეს ისტორია იმ პერიოდში მოხდა, როდესაც საქართველომ „ნატოში“ გაწევრიანების სურვილი გამოთქვა. ჩრდილო ატლანტიკური გაერთიანების მესვეურებმა შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სხვადასხვა სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გადაცემის პროცესს დაუდეს სათავე. მართალია, საქართველოში მოძველებულ, ზოგ შემთხვევაში ჩამოწერილ ტექნიკას აგზავნიდნენ, მაგრამ საქართველოს მთავრობა მაინც კმაყოფილი იყო, რადგან ქართული ჯარი ნულზე იყო დაყვანილი. ამ გზავნილებს საჩუქრის სახე ჰქონდა. ერთ-ერთი ასეთი საჩუქარი თურქეთმაც „მოგვიძღვნა“. მათ ზარ-ზეიმით ჩამოიყვანეს სასაზღვრო კატარღა, რომელსაც სავარაუდოდ, ჯერ კიდევ გაგანია „ცივი ომის“ დროს გაუვიდა ექსპლუატაციის ვადა და არაერთხელ იყო გარემონტებული. კატარღა საზეიმო ვითარებაში შეიყვანეს ფოთის პორტში და „რეიდზე“ დააყენეს. მას კორპუსზე თურქული წარწერები ჰქონდა და ჯერ ეს წარწერები უნდა წაეშალათ, შემდგომ კი შესაბამისი ქართული წარწერებით დაემშვენებინათ. თუმცა, მოგონილი მიზეზების გამო ეს სამხედრო კატარღა კვლავ „თურქულენოვნად“ რჩებოდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ სამხედრო უწყების კატარღა ქირავდებოდა. დამქირავებლები მასზე სხვადასხვა დღესასწაულებსა თუ კორპორატიულ ზეიმებს აწყობდნენ. კვირა ისე არ გავიდოდა, რომ შუა ზღვაში გასულ სამხედრო კატარღაზე ხმამაღალი მუსიკა და ჟივილ-ხივილი არ ყოფილიყო.

„ანტონ დიდი“

იმ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა ცნობილი თაღლითი ანტონ ცირამუა, მეტსახელად – „ანტონ დიდი“ („ანტონ ველიკი“). ცირამუა თაღლითობისთვის ოთხჯერ იყო ნასამართლევი და ამ საქმეში მდიდარი გამოცდილება ჰქონდა. „ანტონ დიდი“ ზუგდიდის რაიონის მკვიდრი იყო და ოდესის საზღვაო სასწავლებელი – „მორეხოდკა“, ჰქონდა დამთავრებული. 22 წლის იყო, როცა ძალიან გაუმართლა და ერთ-ერთ საბჭოთა ტანკერზე გაამწესეს მეზღვაურად. ტანკერი მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეებში დაცურავდა და ქვეყნიდან ქვეყანაში სხვადასხვა ტვირთი გადაჰქონდა. პირველი „სროკიც“ სწორედ მაშინ აიკიდა, როდესაც ჰამბურგის პორტში დოკერებს საბჭოთა ტანკერზე ასი ყუთი „მარლბოროს“ სიგარეტებით სავსე ყუთები დაატვირთინა და ქალაქ ოდესაში ჩაიტანა. სწორედ იქ „დაიწვა“ ანტონ ცირამუა და ის 6 წლით გაამწესეს ციხეში. მან მხოლოდ 4 წელი მოიხადა და პატიმრობიდან რომ დაბრუნდა, მუშაობის დაწყება სცადა. თუმცა, ნებისმიერი საზღვაო სამსახურის კარი მისთვის დახურული აღმოჩნდა. ერთხანს ანტონი თავის მშობლიურ რაიონში დაბრუნდა, მაგრამ იქ მხოლოდ 6 თვე დარჩა, შემდგომ კი რუსეთს მიაშურა და სწორედ იქ გაეხსნა ფართო გზა თავისი მომავალი საქმიანობისთვის. ცირამუამ ციხეში გაიცნო მოსკოველი თაღლითი მიხეილ გუცმანი. ებრაული წარმოშობის გუცმანი თაღლითი იყო და ანტონმა სწორედ მას ჩააკითხა მოსკოვში. ციხის მეგობრები დაწყვილდნენ და ერთად ახორციელებდნენ სხვადასხვა მახვილგონივრულ თაღლითურ კომბინაციას. ანტონს ამ საქმეში განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა და გუცმანი დიდად ამაყობდა თავისი უმცროსი კოლეგით. გუცმან-ცირამუას ტანდემმა სახელი გაითქვა მანქანების მყიდველთა გადაგდებით. ისინი, ძირითადად, შუა აზიიდან ჩამოსულებს „პარსავდნენ“. ფულიანი კლიენტები მოსკოვის „ვაზში“ მიჰყავდათ და პლაცზე გამწკრივებულ მანქანებს აჩვენებდნენ. შემდეგ თანხას ართმევდნენ, რომ „დირექტორისთვის ქრთამი“ მიეცათ. და სანამ დოყლაპია მყიდველი ახალთახალი მანქანის „ოფიციალურად გაფორმებულ საბუთებს“ მანქანაში ელოდებოდა, ცირამუა და გუცმანი უკვე შორს იყვნენ შემთხვევის ადგილიდან.

თურქული პატრული

ფოთში ჩასულ 60 წლის ანტონ ცირამუას ფართო ნაცნობობა ჰქონდა თითქმის ყველა უწყებაში. თავისი ნიჭისა და მოხერხებულობის წყალობით, თითქმის ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება ხელეწიფებოდა. მან შეიტყო, რომ უკრაინიდან ბათუმში ტანკერით მილიონი დოლარის ღირებულების ხორბალი უნდა ჩაეტანათ. ხორბალს უკრაინა უსასყიდლოდ, საჩუქრად გადასცემდა საქართველოს. ანტონმა თურქულწარწერებიანი სამხედრო კატარღა დაიქირავა. ათი ახალგაზრდა კაცი სამხედრო ფორმაში გამოაწყო და ტანკერს შუა ზღვაში დახვდა და იმ საბაბით გააჩერა, რომ თითქოს მათ საზღვარი დაარღვიეს და თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შეიჭრნენ. ტანკერის ეკიპაჟი ტრიუმში ჩაკეტეს და ტანკერი ფოთში ჩაიყვანეს. შემდეგ ნაჩუქარი ხორბალი ტრაილერებში გადატვირთეს და თბილისში, ერთ-ერთ საწყობში დააბინავეს. ცირამუა წინასწარ იყო შეთანხმებული ერთ-ერთ „მეხორბლესთან“ და მისგან 500 ათასი დოლარი აიღო. 20 ათასი დაქირავებულებს გადაუხადა, დანარჩენით კი სამუდამოდ გაუჩინარდა საქართველოდან. ხორბლის სკანდალმა პრეზიდენტ შევარდნაძის ყურამდეც მიაღწია და მან ამ საქმის სასწრაფოდ გამოძიება და დამნაშავეების დასჯა ბრძანა. შესაბამისი ორგანოები „აფაფხურდნენ“, მაგრამ არც არავინ დაუჭერიათ და არც დაუსჯიათ. ხორბლის სკანდალი მალე დაივიწყეს. საქმე ის იყო, რომ „ანტონ დიდს“ ფული ყველა საჭირო ადამიანისთვის ჰქონდა მიცემული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა