ვინ იყო ცნობილი ბანდიტი, მეტსახელად „მუსიკოსი“
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 02.10

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ეპიდემია
გასულ საუკუნეში 1970 წლის ზაფხული განსაკუთრებულად მძიმე იყო თბილისისთვის. საქართველოს დედაქალაქში ქოლერამ იფეთქა. ქალაქი ჩაიკეტა. კარანტინი გამოცხადდა და საყოველთაო ვაქცინაცია აუცილებელი გახდა. სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ სადგურში მუშაობის 24-საათიანი რეჟიმი იყო გამოცხადებული. შედგა უწყებრივი სიები და სანიტარ-ეპიდემიოლოგები თბილისის საწარმოო-დაწესებულებებში ბრიგადებად დადიოდნენ, რათა ყველა თანამშრომელი აეცრათ. პოლიკლინიკებში გახსნილი იყო სპეციალური პუნქტები და მოქალაქეებს შეეძლოთ, ინდივიდუალურად მისულიყვნენ და აცრილიყვნენ. ასეთ შემთხვევაში მათ ცნობას აძლევდნენ აცრის ჩატარების თაობაზე და უწყებრივი აცრა აღარ უწევდათ. სანეპიდსადგურის თანამშრომლები დაღლილობისგან სულს ძლივს ითქვამდნენ. ერთი მხრივ, მათ აუტანელი სიცხე აწუხებდათ, მეორე მხრივ კი, მუშაობის ინტენსიური რეჟიმი. როგორც შემდგომ სტატისტიკის უწყებამ გამოაქვეყნა, 200 დღის განმავლობაში აიცრა 950 ათასი ადამიანი – თბილისელები და საქართველოს დედაქალაქის სტუმრები. საშუალო არითმეტიკული გაანგარიშებით, გამოდიოდა, რომ დღეში საშუალოდ 9 ათას 500 ადამიანი იცრებოდა, რაც თბილისის მასშტაბისთვის მნიშვნელოვანი რიცხვი იყო.
„მუსიკოსი“
თბილისში კარანტინის გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე პატიმრობიდან გათავისუფლდა 36 წლის ვახტანგ მესხი, მეტსახელად „მუსიკოსი“. მას ციმბირის მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების ბანაკებში ცხრაწლიანი პატიმრობა ჰქონდა მოხდილი ბანდიტიზმისა და შეიარაღებული ძარცვა-ყაჩაღობისთვის. მესხმა და მის მიერ ორგანიზებულმა ბანდის წევრებმა თბილისის ერთ-ერთი მსხვილი საწარმოს მოლარე და ინკასატორები გაძარცვეს. 12 ათასი მანეთი გაიტაცეს და მიიმალნენ. საქმე ისე სუფთად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე გააკეთეს, მილიცია მათ, სავარაუდოდ, ვერც კი აღმოაჩენდა, რომ არა ერთ-ერთი ბანდიტის ეჭვიანი ცოლი. ქალმა თავის მეაუღლეს ქურთუკის ჯიბეში ძვირფასი სამკაული აღმოუჩინა. ეს სამკაული მას ნაძარცვი ფულით ჰქონდა ნაყიდი და ცოლისთვის დაბადების დღეზე ჩუქებას აპირებდა. ბანდიტი სწორედ იმ საწარმოს თანამშრომელი იყო, საიდანაც ფული გაიტაცეს. ეჭვიანს რა არ ელანდებოდა და როდესაც ქმარი სამსახურში წავიდა, სამკაული უბნის ინსპექტორს მიუტანა და უთხრა, რომ მისი მეუღლე საყვარელთან დადის, ძვირფას სამკაულებს ჩუქნის და მასზე მორალური ზემოქმედება მოეხდინა. მილიციელს საეჭვოდ მოეჩვენა, უბრალო მუშას როგორ შეეძლო ასეთი ძვირფასი ნივთის ყიდვა და ამის შესახებ უფროსობას მოუყვა. შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი. მუშას კუდზე დაასხდნენ და მისი მეშვეობით ბანდაზე გავიდნენ. მილიციამ ყველა დააპატიმრა, მესხს კი 9 წელი მიუსაჯეს და გააციმბირეს. ეჭვიანი ცოლი კი, როდესაც სიმმართლე შეიტყო, რომ მის ქმარს არანაირი საყვარელი არ ჰყავდა და რომ ეს ძვირფასი სამკაული მისთვის იყო განკუთვნილი, ჭკუიდან გადავიდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. ქალი სასამართლოს ბოლო სხდომიდანვე გააქანეს საგიჟეთში.
„სანიტრები“
ვახტანგ მესხი ბუნებით შემოქმედი, კრეატიული პიროვნება იყო და ნებისმიერ საქმეს სწორედ ასე უდგებოდა. ორგანიზებული დანაშაულისადმი მიდრეკილება მან ჯერ კიდევ ბავშვობიდანვე, არასრულწლოვანი ასაკიდან გამოიჩინა. უბნის ბიჭებსა და სხვა ნაცნობ-მეგობრებში საიმედო ხალხი შეარჩია, მათ თავისი განზრახვა გაუზიარა და შესთავაზა, მკაცრად შედგენილი გეგმით ემოქმედათ, დაწესებულებებისა და მოსახლეობის ძარცვა-ყაჩაღობის გეგმებს, რა თქმა უნდა, ვახტანგი ადგენდა. ერთ-ერთი ასეთი სქემა იყო ჩემოდნის ან ძვირფასი ნივთისა თუ ჩანთის გატაცება. დანაშაული, ძირითადად, სადგურებზე ხორციელდებოდა. ბიჭები ვახოს მიერ შერჩეული ჩემოდნიანი მგზავრის წინ ჩხუბს იწყებდნენ და როდესაც მოქალაქე ჩემოდანს დადებდა და მოჩხუბართა გაშველებას იწყებდა, ვახო შეუმჩნევლად იღებდა ჩემოდანს, სწრაფად მიჰქონდა და საიმედო ადგილზე მალავდა. შიგთავსს კი მოგვიანებით ნახულობდნენ.
ვახტანგ მესხს „მუსიკოსი“ იმიტომ შეარქვეს, რომ მას გადაჭრილი თოფი საქმეზე ვიოლინოს ფუტლარით დაჰქონდა. თავის მიერვე შეთვალიერებულ მოქალაქეს ბიჭებთან ერთად გააჩერებდა, ფუტლარიდან „აბრეზს“ იღებდა და მსხვერპლს თავისუფლად ძარცვავდა. პირველი „სროკიც“ ასეთი დანაშაულისთვის აიკიდა. მან და მისმა ბიჭებმა ხანში შესული მამაკაცის გაძარცვა სცადეს. მას ერთ-ერთ სადარბაზოში დახვდნენ, მაგრამ ის მამაკაცი ხელჩართული ორთაბრძოლების ინსტრუქტორი აღმოჩნდა. „მუსიკოსი“ და მისი ბანდიტები უმალვე განაიარაღა. ერთ-ერთ ბანდიტს ქეჩოში ხელი სტაცა და „აბრეზიც“ აიღო და მილიციაში მივიდა. ასე „ჩავარდა“ „მუსიკოსის“ პირველი ორგანიზებული ბანდა.
თბილისში არსებული სიტუაცია, სწორედ რომ, მისწრება იყო მუსიკოსისთვის. მით უმეტეს, რომ სანეპიდსადგურში მისი საყვარელი, ანეტა მუშაობდა, რომელიც ყველა უწყებრივ ინფორმაციას ფლობდა. აგვისტოს ერთ ცხელ დღეს „მუსიკოსი“ და მისი „პაძელნიკები“ სანიტრების ფორმაში გამოეწყვნენ და რუსთაველის გამზირზე მდებარე შემნახველ სალაროს ესტუმრნენ, სადაც იმ დღეს უწყებრივი აცრები უნდა ჩატარებულიყო. ეს ღონისძიება საღამოს 5 საათზე იყო ჩანიშნული. „სანიტრები“ კი იქ შუადღეზე, პირველ საათზე, მივიდნენ. მოიბოდიშეს გრაფიკის შეცვლის გამო და გამგეს სთხოვეს, რომ მთელი პერსონალი შეეკრიბა. ხოლო, როცა სალაროს ათივე თანამშრომელმამოიყარა თავი, პირბადეაფარებულმა „სანიტრებმა“ მათ იარაღი მიუშვირეს, სეიფები გაახსნევინეს და იქიდან 60 ათასი მანეთის ობლიგაციები და ნაღდი ფული წაიღეს. ამ საქმეს უკვე „კაგებე“ იძიებდა და ალბათ, ვერც ისინი დაადგებოდნენ კვალს, რომ არა ანეტა, რომელსაც გამომძიებლებთან საუბარში წამოსცდა, ჩემი მეგობარი კაცი მაკითხავდა სამსახურშიო. ეს იყო სრულიად არასაჭირო ფრაზა გამომძიებელთან საუბარში, რომელიც ქალურმა თავმომწონებამ წამოაცდენინა. გამომძიებელმა კი ჩაავლო ამ მეგობარს. გადამოწმების შედეგად მეგობარი მისი საყვარელი აღმოჩნდა, საყვარელი კი – პირწავარდნილი ბანდიტი. დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო და „კაგებემ“ მთელი ბანდა აიყვანა. „მუსიკოსი“ 15 წლით გაამწესეს ციხეში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან