კრიმინალური ისტორიები

ვინ იყო შალვა მიკუჩაძე და გააქრო თუ არა ის „კაგებემ“ უკვალოდ

№36

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 18.09

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ავარია

1973 წლის დეკემბრის ერთ დილას თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ორთაჭალის მიმართულებით მოძრავ „01“ მარკის „ჟიგულს“ „კამაზი“ დაეჯახა და ხეს მიანარცხა. სატვირთო მანქანის მძღოლს „კამაზი“ მოყინულ გზაზე მოუცურდა და საჭე ვერ დაიმორჩილა. შემთხვევის ადგილზე მისულ „გაიშნიკებს“ „ჟიგულის“ მძღოლი მკვდარი ეგონათ და სასწრაფო დახმარების მანქანამ ის პროზექტურისკენ გააქანა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მძღოლი ცოცხალი იყო და არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს. „გაიშნიკებმა“, როგორც მაშინ სჩვეოდათ, ნაავარიევი ავტომობილი საგულდაგულოდ „გაშმონეს“, რომ ალაფი გაეყოთ, მაგრამ სალონის საბარგულში ორი ცალი მაყუჩიანი „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტის მეტი ვერაფერი აღმოაჩინეს. ეს იმ პერიოდში სერიოზული „ჩეპე“ იყო და სასწრაფოდ სისხლის სამართლის სამძებრო გამოიძახეს და მაყუჩიანი პისტოლეტები გადასცეს. „უგროზისტკის“ ოპერები დატრიალდნენ. გაარკვიეს, რომ მკვდრად შერაცხული „მორგისკენ“ წაყვანილი „შოფერი“ გზაში გაცოცხლდა და ის არამიანცის საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ამიტომ, პირდაპირ იქ გაქანდნენ და გაარკვიეს, რომ ნაავარიევი, უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი რეანიმაციაში იყო მოთავსებული.

ექსპერტიზის დასკვნა

მაყუჩიანი პისტოლეტების აღმოჩენა იმ პერიოდში საკავშირო მნიშვნელობის „ჩეპე“ იყო და სასწრაფო და ავტომატურად ექვემდებარებოდა კეთილსინდისიერ გამოძიებას. რაიმეს დამალვა, ფულის აღება ან სხვა კანონდარღვევები ამ შემთხვევაში გამორიცხული იყო – ნებისმიერი მცირე გადახვევისთვის სამართალდამცავს კანონის მთელი სიმკაცრით სჯიდნენ. ამიტომ, ასეთი საქმეების გამოძიებას უმაღლესი კლასის სპეციალისტებს ავალებდნენ და გახსნის პროცენტულობა ძალიან მაღალი იყო. ამიტომ ამ საქმესაც სერიოზულად მოჰკიდეს ხელი. დაადგინეს, რომ შოკში მყოფი მძღოლი ვინმე შალვა მიკუჩაძე იყო. ერთ-ერთი სკოლის ფიზაღზრდის მასწავლებელი. მისი დაკითხვა არ ხერხდებოდა და მის პალატასთან მილიციელთა გაძლიერებული დაცვა იდგა. აღმოჩენილი პისტოლეტები სასწრაფო ბალისტიკურ ექსპერტიზაზე გაგზავნეს და მისი პასუხით გამომძიებლები შოკირებულები იყვნენ. აღმოჩნდა, რომ ამ პისტოლეტებიდან იყო შესრულებული ოთხი გაუხსნელი მკვლელობა, რომლებიც საქართველოში იმ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მოხდა. მოკლულები იყვნენ არა რიგითი მოქალაქეები, არამედ ორი პარტიული მაღალჩინოსანი. ერთი მილიციის გადამდგარი პოლკოვნიკი და ერთიც იურისპრუდენციის დოქტორი. ოთხივე მკვლელობას იმ პერიოდში საქართველოს გენერალური პროკურატურა იძიებდა და საქმეები გაერთიანებული იყო. თუმცა გამოცდილმა, მრავლისმნახველმა გამომძიებლებმაც ამ მკვლელობებს შორის ვერანაირი კავშირი ვერ აღმოაჩინეს და თავი და ბოლო ვერ გაუგეს, ხოლო მაყუჩიანი პისტოლეტების აღმოჩენის მერე კი იმედი გაჩნდა, რომ ეს საქმეები ადგილიდან დაიძვრებოდა და შალვა მიკუჩაძის გონზე მოსვლას ელოდებოდნენ.

მოულოდნელი ბრძანება

ავარიიდან ორი დღე იყო გასული. მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო მიკუჩაძის შოკიდან გამოსვლას ელოდებოდა, რომ მოულოდნელი რამ მოხდა. პირველ რიგში, მაყუჩიანი პისტოლეტების საქმე, თავის ნივთმტკიცებიანად, „კაგებემ“ წაიღო. მიკუჩაძის პალატიდან კი მილიციელები სასწრაფო წესით გარეკეს. ფიზკულტურის მასწავლებელი „კაგებეს“ დაქვემდებარებულ, დახურულ კლინიკაში გადაიყვანეს და მილიცია ხახამშრალი დატოვეს. აშკარა იყო, რომ თუ მიკუჩაძე უშუალო მკვლელი არ იყო, მას შეხება ჰქონდა ამ მკვლელობებთან. მილიციაში სხვადასხვა ვერსიებს ვარაუდობდნენ და ყველაზე ახლოს სიმართლესთან იყო ვერსია იმის შესახებ, რომ მიკუჩაძე „კაგებეს“ „შემსრულებელი“ იყო, კომიტეტის შეკვეთებს ასრულებდა და „კაგებემ“, ფაქტობრივად, სწორედ ამის გამო, გაიტაცა საავადმყოფოდან. თუმცა, ვერსიები ვერსიებად რჩებოდა და სიმართლე არავინ იცოდა.

20 წლის შემდეგ

არასრული სიმართლე შალვა მიკუჩაძის შესახებ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაირკვა. შალვა მიკუჩაძის ვაჟი, ანდრიკო მიკუჩაძე ერთ-ერთი დამოუკიდებელი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში, მამამისის დღიურებზე დაყრდნობით, აცხადებდა, რომ შალვა მიკუჩაძე უშიშროების კომიტეტის ოფიცერი, ჩინით კაპიტანი იყო და სპეციალურ დავალებებს ასრულებდა. მისივე თქმით, დახურულ კლინიკაში გადაყვანილი შალვა მიკუჩაძე „კაგებემ“ რეანიმაციიდან გონებაზე მოუსვლელად გააქრო. ანდრიკო მიკუჩაძე ამ საქმის გამოძიებას ითხოვდა. თუმცა იმ პერიოდში „კაგებე“ უკვე აღარ არსებობდა. ანდრიკო მიკუჩაძე კონკრეტულ პიროვნებებს არ ასახელებდა და ზოგადად ამ ორგანიზაციის გასამართლებას მოითხოვდა, რაც სრულიად აბსურდულად ჟღერდა. ანდრიკო მიკუჩაძე ამავე ინტერვიუში პირობას დებდა, რომ სულ მალე „ბომბს ააფეთქებდა“ და მამამისის დღიურებს სინათლეზე გამოიტანდა. ამ ინტერვიუს გამოქვეყნებიდან სამი დღის შემდეგ შალვა მიკუჩაძის ვაჟი თავის ბინაში, სადაც მარტო ცხოვრობდა, ჩამომხრჩვალი იპოვეს. ბინა კი არეული იყო, აშკარად ვიღაც რაღაცას ეძებდა, სავარაუდოდ, შალვა მიკუჩაძის დღიურებს. დიდი ალბათობით, მიკუჩაძე „კაგებეს“ „შემსრულებელი“ იყო და ის ოთხი მკვლელობაც მან შეასრულა. ასევე, დიდი ალბათობით, ოთხივე მოკლული ჩინოსანი „კაგებეს“ რაღაცაში უშლიდა ხელს, ამ ორგანიზაციისთვის პირდაპირ ან პოტენციურ მტერს წარმოადგენდა და ამიტომაც მოიშორეს თავიდან, თუმცა სიმართლე დღემდე უცნობია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა