ვინ იყო „მარტოხელა“ ქართველი ტერორისტი, რომელმაც საბჭოთა „კაგებე“ ფეხზე დააყენა
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 27.07

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
„ქეთოს“ წევრი თუ მარტოხელა ტერორისტი
1983 წელს საქართველოს კომუნისტური მთავრობა „გეორგიევსკის ტრაქტატის“ 200 წლის იუბილეს დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავდა. „კრემლიდან“ არაერთი მაღალჩინოსანი იყო ჩამოსული ამ ზეიმზე დასასწრებად. ერთ-ერთი საზეიმო ეპიზოდი ამ მოვლენისადმი მიძღვნილ ძეგლთან უნდა გამართულიყო. სანამ მაღალჩინოსნები იქ მივიდოდნენ, უშიშროების სამსახურმა იქაურობა გულდასმით შეამოწმა და ძეგლში ჩამონტაჟებული, ძალიან დიდი სიმძლავრის ნაღმი აღმოაჩინა. აფეთქების შემთხვევაში 250 მეტრის რადიუსზე ყველა შენობა-ნაგებობა დაინგრეოდა და მრავალ ადამიანს შეიწირავდა. მთელი „კაგებე“ ფეხზე დადგა და გამოვლენილი იქნა ორგანიზაცია „ქეთო“ – ქართველთა ეროვნული თავისუფლების ორგანიზაცია. მასში ახალგაზრდა ქართველი პატრიოტები შედიოდნენ, რომლებიც დააპატიმრეს, მაგრამ „კაგებეს“ მათი ვინაობა არ გაუმხელია. თუმცა, ხალხში ხმები დადიოდა. საქართველოს უშიშროებაში გამოძიების პროცესში გაჩნდა ვარაუდი, რომ სწორედ „ქეთოს“ წევრი იყო ვლადიმერ ჟვანია, რომელიც ამ განუხორციელებელ ტერაქტამდე 6 წლით ადრე სიკვდილით დასაჯეს. ასე კი იმიტომ ვარაუდობდნენ, რომ ტერაქტის მცდელობის ხელწერა ჟვანიასეულს ჰგავდა. თუმცა, როდესაც 1976-1977 წლებში ჟვანიას საქმის გამოძიება მიმდინარეობდა, „კაგებემ“ მასთან ვერანაირი სხვა კავშირები ვერ დაადგინა. თანაც, თავად ჟვანიაც აცხადებდა, რომ მარტო მოქმედებდა და ეს ადამიანი მარტოხელა („აძინოჩკა“), ტერორისტად მონათლეს მაშინ.
აფეთქებების სერია
1975 წლის 22 ივნისს, 1976 წლის 12 აპრილსა და 16 აპრილს სოხუმში, თბილისსა და ქუთაისში აფეთქებების სერია განხორციელდა. პირველ ტერორისტულ აქტს ლენინგრადელი მამაკაცი შეეწირა. დანარჩენი ტერაქტებისას არავინ დაზარალებულა. გაგანია კომუნიზმის პერიოდი იდგა და საბჭოთა კავშირში ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო. მთელი „კაგებე“ ფეხზე იდგა და პროფესიონალ ტერორისტთა ჯგუფს უშედეგოდ ეძებდა. თუმცა, რას წარმოიდგენდნენ, რომ ეს ყოველივე ერთადერთი კაცის, ვლადიმერ (ვალიკო) ჟვანიას მიერ იყო განხორციელებული. სოხუმისა და თბილისში აფეთქებები სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებთან მოხდა. შესაბამისად, აფხაზეთის საოლქო კომიტეტთან და საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან (ამჟამინდელი პარლამენტი), ქუთაისში კი – ქალაქის პარკში... უშიშროება ისე იყო ჩიხში შესული, რომ ამ საქმეს ძლივს აბამდა თავსა და ბოლოს. მუშაობდნენ სხვადასხვა ვერსიაზე, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს „კაგებეს“ შეფმა, გენერალმა ინაურმა თავის ხელქვეითებს დაავალა, რომ ამ საქმეში „მენშევიკთა“ კვალი მოეძებნათ, რაც აბსოლუტური უაზრობა იყო. ერთადერთი ხელჩასაჭიდი ის იყო, რომ სავარაუდო ამფეთქებელი მაღალი, გამხდარი მამაკაცი იყო. ერთი სიტყვით, უშიშროება ერთ ადგილს ტკეპნიდა და ტერორისტულ ორგანიზაციაზე ვერ გადიოდა.
ქართველი პატრიოტი
საქმე მაშინ დაიძრა ადგილიდან, როდესაც საქართველოს მინისტრთა საბჭოში შევიდა „საქართველოს განმათავისუფლებელი ფრონტის“ მიმართვა. იქ წამოყენებული იყო მოთხოვნები: საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, საქართველოს ნეიტრალიტეტის აღიარება, დემოკრატიული პარტიის ცნობა, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. იქვე იყო მიწერილი, რომ ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში განხორციელდებოდა ენერგეტიკული ობიექტების აფეთქება, ასევე, ტერორისტული აქტები სხვა სტრატეგიულ შენობებზე. დაინიშნა გრაფოლოგიური ექსპერტიზა, მაგრამ მსგავსი ანონიმური შინაარსის ან ხელწერის ბარათები უშიშროების არქივში არ აღმოჩნდა. გამოძიებაში „გარღვევა“ მაშინ მოხდა, როდესაც „ბათუმსურ სათვაჭრობის“ დირექტორს, ლომაძეს მიუვიდა ანონიმური წერილი, სადაც უცნობი ათას მანეთს ითხოვდა. წერილი „კაგებეში“ მიიტანეს. ხელწერა ტერორისტისას ემთხვეოდა. ლომიძეს უთხრეს, რომ ვიზიტორისთვის კონვერტით გადაეცა 300 მანეთი. პერიმეტრზე კი „კაგებეს“ ოპერატიული ჯგუფი განლაგდა. როდესაც ანონიმმა ლომიძისგან 300 მანეთი აიღო და წამოვიდა, ის „კაგებეს“ თანამშრომლებმა ავტობუსის გაჩერებაზე აიყვანეს. ჩხრეკისას მას კაფსულდეტონატორები, ლომიძისგან მიღებული 300 მანეთი და საკუთარი თანხა 4 მანეთი და 50 კაპიკი აღმოაჩნდა. ანონიმი ვლადიმერ ჟვანია აღმოჩნდა. მან სამივე ტერაქტი აღიარა, თან განაცხადა, რომ მარტო მოქმედებდა, რაც უშიშროების თანამშრომლებმა არ დაიჯერეს. თუმცა, ვერანაირ კვალზე ვერ გავიდნენ და ჟვანიას საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაუტარეს. მას შესთავაზეს სამი სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი მოწყობილობის აწყობა, რაც „მარტოხელა ტერორისტმა“ სწრაფად და ზუსტად შეასრულა და მხოლოდ ამის შემდეგ ირწმუნეს, რომ ის მართლა მარტოხელა იყო.
უმაღლესმა სასამართლომ ვლადიმერ ჟვანიას დახვრეტის განაჩენი გამოუტანა, რასაც ეს ადამიანი მშვიდად შეხვდა. „კაგებეს“ გამომძიებელმა ჟვანიას შეწყალების თხოვნის წერილი მიუტანა და დაარწმუნა, ხელი მოეწერა მასზე. თუმცა, ჟვანია მოსკოვმა არ შეიწყალა. დახვრეტამდე ჟვანიას უნანია, რომ შეწყალების წერილზე მოაწერა ხელი და უთქვამს – დასახვრეტი კი არა, ასაკუწი ვარო. ვალიკო ჟვანია, სავარაუდოდ, 1976 წლის დეკემბერში დახვრიტეს და გაზეთმა „კომუნისტმა“ ინფორმაცია ამის შესახებ 1977 წლის 7 თებერვალს გამოაქვეყნა.
ჟვანიას საქმე მაინც ბურუსითაა მოცული და სრული სიმართლე გაირკვევა თუ არა, ძნელი სათქმელია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...