კრიმინალური ისტორიები

ვინ გაანადგურა შევარდნაძის მიერ შექმნილი საიდუმლო, ანტინარკოტიკული ოპერჯგუფი

№49

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 16.12, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ნარკოსტატისტიკა

1980 წლის დასაწყისში, საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის საიდუმლო მითითებით, განხორციელდა ნარკომანების აღრიცხვა და გაირკვა, რომ ქვეყანაში 50 ათასი ნარკომანი იყო – როგორც მაშინ იყო მიღებული – მორფინისტი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს ყოველი მეოთხმოცე მოქალაქე ნარკოტიკული ნივთიერების აქტიური მომხმარებელი აღმოჩნდა. „პირველი“ (ედუარდ შევარდნაძე) უკიდურესად შეაშფოთა ასეთმა ნარკოსტატისტიკამ და შინაგან საქმეთა სამინისტროში უაღრესად გასაიდუმლოებული, ღრმად კონსპირირებული ოპერატიული დანაყოფი შექმნა, რომელსაც ნარკოტიკების გამავრცელებლებთან უნდა ებრძოლა. ამ ოპერატიულ დანაყოფში ირიცხებოდნენ სტატისტიკოს-ანალიტიკოსები და სწორედ, ისინი ადგენდნენ რეალური ნარკოსტატისტიკის სურათს. ეს ინფორმაციები პირადად შევარდნაძესთან იგზავნებოდა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ფარულ ოპერატიულ თათბირებზე ხდებოდა. შემდგომ კი მათ ოპერატიული ჯგუფი ახორციელებდა. ამგვარად, ეს ყოველივე უაღრესად გასაიდუმლოებული იყო.

აგენტი „ნემსი“

ედუარდ შევარდნაძისადმი მიწოდებულ საიდუმლო ინფორმაციებში ყველაზე საგულისხმო ის იყო, რომ საქართველოში ჰეროინი შემოდიოდა, რომელიც მანამდე უცხო ხილი იყო. ეს ნარკოტიკი კი ძალიან სწრაფად ითრევდა ახალგაზრდობას და ნარკომანთა რიცხვი კატასტროფულად იზრდებოდა. მკაცრად შემუშავებული ოპერატიული სქემის მიხედვით, ანტინარკოტიკული სპეცოპერაციის მთავარი ფიგურა იყო ახალგაზრდა აგენტი, 25 წლის მალხაზ კაშია. მის ოპერატიულ ფსევდონიმად კი „ნემსი“ დაფიქსირდა. ლეიტენანტი კაშია თავდაპირველად ნარკომომხმარებლის ამპლუით გამოჩნდა და ნარკობარიგა ოთარ მელაძესთან დაამყარა ურთიერთობა. შემდგომ მან უფრო წინ წაიწია და იმ საერთაშორისო ნარკოსინდიკატის ერთ-ერთ რგოლში აღმოჩნდა, რომელიც ჰეროინის ვაჭრობით იყო დაკავებული. კაშიამ 5 წელიწადი მოანდომა ამ კარგად ორგანიზებული და ღრმად კონსპირირებული ნარკოსინდიკატის სრული სქემის გაშიფვრას. 1985 წლისთვის ის უკვე კაპიტნის ჩინს ატარებდა, თუმცა წამალზე „შეჯდა“.

ნარკოსინდიკატი

1985 წელს „პერესტროიკა“ დაიწყო. ედუარდ შევარდნაძე მოსკოვში გადაიყვანეს და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს. ამიტომ, მას, ფაქტობრივად, საშუალება აღარ ჰქონდა, რომ უშუალოდ ეხელმძღვანელა ანტინარკოტიკული სპეცოპერაციისთვის, თუმცა შევარდნაძეს უკვე მოსკოვში აწვდიდნენ „ნემსისგან“ მიწოდებულ ინფორმაციებს და ის კი საბჭოთა კავშირის დედაქალაქიდან აწვდიდა რეკომენდაციებს. კონსპირირებულ ჯგუფს პოლკოვნიკი გიგა ნებიერიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც შევარდნაძის ნდობით აღჭურვილი პირი და გამოცდილი ოპერმუშაკი იყო.

ამგვარად, 1985 წლის მიწურულისთვის უკვე თითქმის სრულიად გაიშიფრა ნარკოსინდიკატის მთელი სქემა: ავღანეთიდან შემოსული ჰეროინის დიდი ნაწილი ბულგარეთში მუშავდებოდა. სოფიის ფარმაცევტულ ფაბრიკაში მშრალი ჰეროინი ტაბლეტებად იშტამპებოდა და შემდგომ „ასპირინისა“ და „ანალგინის“ შეფუთვით, გემით იგზავნებოდა ბათუმში. იქიდან კი მთელ საბჭოთა კავშირში ნაწილდებოდა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობა რჩებოდა, სწორედ ეს იწვევდა ნარკომანების რაოდენობის კატასტროფულ ზრდას. შესაბამისად იზრდებოდა კრიმინალური დანაშაულებიც. ნარკოსინდიკატი საერთაშორისო იყო და მასში აქტიურ როლს ქართველები თამაშობდნენ. ერთ-ერთი ბოსი, კარლო სალაძე, ბათუმის პორტში შენახული „ტავარის“ უსაფრთხოებაზე აგებდა პასუხს. ხოლო მეორე ქართველი, ვინმე ჯიმი კუჭავა კი „ტავარის“ ადრესატებამდე მიტანაზე იყო პასუხისმგებელი. 1986 წლის იანვარში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულმა სამმართველომ ბათუმში ჰეროინის დიდი პარტია დააკავა და ნარკოსინდიკატის 13 წევრი მაშინვე დააპატიმრა. მათ შორის სალაძე და კუჭავა. ინფორმაცია კი მილიციას ნებიერიძემ ინკოგნიტოდ მიაწოდა, რომ თავად და მისი ჯგუფი არ გაშიფრულიყო. ხოლო მილიციას რომ ქრთამი არ აეღო და ნარკოსინდიკატის წევრები არ გაეთავისუფლებინა, ყველაფერი საქართველოს „კაგებესაც“ აცნობეს, ასევე, ინკოგნიტოდ. 600 კილოგრამი ჰეროინი და ყველა დაპატიმრებული მოსკოვში გადაიყვანეს. საქმე გამოსაძიებლად „კაგებემ“ აიღო. თან, კონსპირაციული ჯგუფის ძებნას მიჰყვეს ხელი, რადგან აშკარა იყო, ეს ინფორმაციები პროფესიონალების მიწოდებული იყო.

ნებიერიძის ჯგუფი მხოლოდ საბჭოეთის დაშლის შემდეგ გაიშიფრა და ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა „ჩაუშვა“. ნებიერიძე და კიდევ ხუთი ოპერმუშაკი 1993 წელს სულ რაღაც სამი თვის განმავლობაში დახოცეს. მალხაზ კაშია კი – იგივე „ნემსი“ 2000-იანი წლების დასაწყისში თბილისში ჩაცხრილეს უცნობებმა და ეს დანაშაული დღემდე გაუხსნელია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი