კრიმინალური ისტორიები

ვინ და როგორ გასტაცა ქართველ ნარკობარონს 6 მილიონი დოლარი და 30 კილოგრამი ჰეროინი

№11

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

პუბლიკაციის ყველა მთავარი გმირის სახელი შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

ნარკობარონის და

2000 წლის 6 მაისს, გიორგობას, შაბათ დღეს, მთელი მოსკოვის ელიტა რესტორან „არაგვში“ იყო შეკრებილი და ლინდა ხალიანისა და ბონდო გუგუნაურის ქორწილში ილხენდნენ. პატარძალი 29 წლის უშნო ლინდა, ცნობილი ნარკობარონის, ვახტანგ ხალიანის ერთადერთი და იყო. სასიძო კი – 25 წლის ბონდო გუგუნაური გამორჩეული სილამაზის, თბილისელი ახალგაზრდა. მთელი მოსკოვი იმაზე ლაპარაკობდა, რომ თბილისელმა „კრასავჩიკმა“ ფულის გამო იქორწინა მახინჯ ლინდაზეო, მაგრამ ლინდას ეს სულაც არ ადარდებდა. მისთვის მთავარი იყო, რომ ბონდო ჰყოლოდა გვერდით, რომელიც სამი თვის წინ მოსკოვის ერთ-ერთ კაფეში გაიცნო. ლინდა ლამაზი მამაკაცების ნაკლებობას არასდროს განიცდიდა და 16 წლიდან მოყოლებული, ვინც მოეწონებოდა, ყველას ლოგინში იწვენდა. თუმცა მალევე ბეზრდებოდა და ახალ პარტნიორს პოულობდა. ბონდო კი ლინდას ისე ძალიან მოეწონა, რომ ქმრად დაისვა და მასთან განშორებას არ აპირებდა. ბონდომ და ლინდამ ნარკობარონ ვახტანგ ხალიანისგან მოსკოვის ცენტრში 8-ოთახიანი ფეშენებელური ბინა მიიღეს საჩუქრად. ბონდოს თან ახლდა მისი და – ლიკა გუგუნაური, რომელიც ახლად დაქორწინებულებთან დასახლდა ფეშენებელურ ბინაში. ბონდო და ლიკა ობლები იყვნენ და ერთმანეთის მეტი სხვა არავინ ჰყავდათ.

ნარკომაფიაში

მიუხედავად იმისა, რომ ახლად დაქორწინებულებს არაფერი აკლდათ და ყველაფერი თავზე საყრელი ჰქონდათ, ბონდო ცოლს შეუჩნდა, შენს ძმას უთხარი, რაიმე სამუშაო მომცეს, უსაქმურად ხომ არ ვიქნებიო. ლინდა ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ ბონდომ ისე დაიჟინა, რომ ძმა აიძულა, სიძისთვის სამსახური მიეცა. სიძეს, აბა, „რიგით ჯარისკაცად“ ხომ არ ამუშავებდა? ამიტომ, ერთთვიანი პრაქტიკის შემდეგ ვახტანგ ხალიანმა ბონდო გუგუნაურს ფული ანდო და რაც ნარკოტიკების გაყიდვიდან ფული შემოდიოდა, ყველა თანხა ბონდოსთან იყრიდა თავს. ეს კი ყოველთვიურად 4 მილიონი ამერიკული დოლარი იყო. შემდგომ ამ თანხიდან წილები „ტყდებოდა“ რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნებზე. აგრეთვე, ხელფასებზე ნარკომაფიის წევრებისთვის და ვახტანგ ხალიანს კი ყოველდღიური სუფთა მოგება მილიონი დოლარი რჩებოდა. თანხის 90 პროცენტი ქართული წარმოშობის, რუსეთის მოქალაქე ნარკობარონს დასავლეთის ბანკებში ჰქონდა შენახული. როგორც ამბობდნენ ეს თანხა 50-60 მილიონი დოლარი იყო, ქორწილიდან სამი თვის შემდეგ ლინდა დაფეხმძიმდა. მაგრამ მუცელი მალევე მოეშალა და ამას ძალიან განიცდიდა. ერთი პერიოდი ამის გამო დეპრესიაშიც ჩავარდა და ალკოჰოლსა და მსუბუქ ნარკოტიკებს მიეძალა. თუმცა ძმის ძალისხმევით, ორიოდე თვეში კვლავ ნორმაში ჩადგა. ბონდო კი დაქორწინებიდან შვიდ თვეში ისე „გაიჩითა“ ნარკომაფიაში, რომ ამ წრეში „თავისიანი“ გახდა. ვახტანგმა სიძეს უფლებამოსილება გაუფართოვა და საზღვარგარეთულ შეხვედრებზეც კი გზავნიდა კოლეგა ნარკობარონებთან. მეტიც, ვახტანგ ხალიანმა ბონდოს ერთ-ერთი შვეიცარიული ბანკის კოდი მისცა და ფულს იქ არიცხინებდა. ერთი სიტყვით, ბონდო ისე გრძნობდა ამ სფეროში თავს, როგორც თევზი წყალში.

გაუჩინარება

2001 წლის 6 მაისს, ანუ ბონდოსა და ლინდას ქორწინებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, წყვილი გრანდიოზულ ქეიფს აპირებდა რესტორან „არაგვში“. როგორც ერთი წლით ადრე, იმ დღესაც მთელი მოსკოვური ელიტა იყო დაპატიჟებული. ქეიფი საღამოს 8 საათზე იყო დანიშნული. ბონდო წინა დღით ბუდაპეშტიდან დაბრუნდა, სადაც მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზე იმყოფებოდა. დილით, როდესაც და მოიკითხა, ლინდამ უთხრა, მეგობართან წავიდა მანქანით და ჩვენს ქეიფზე მასთან ერთად მოვაო. საღამოს 5 საათი რომ შესრულდა, ბონდო საგარეოდ გამოეწყო და ცოლს უთხრა:

– ვახოსთან უნდა ვიყო ოფისში, მნიშვნელოვანი საქმეა და რესტორანში ერთად მოვალთო.

– კარგი. ძვირფასო. არ დაიგვიანო, გელოდები, – მიუგო ლინდამ და მეუღლე გაისტუმრა.

არც საღამოს 8 საათზე და არც მოგვიანებით, „არაგვში“ ბონდო და მისი და არ გამოჩენილან. ვახტანგ ხალიანი რომ დაინახა, ლინდამ ჰკითხა:

– ბონდო სადაა?

– არ ვიცი. დღეს არ მინახავს, – მიუგო დას ნარკობარონმა.

ლინდას ელდა ეცა. შემდეგ განმარტოვდა და ჩაფიქრდა. ნახევარი საათის შემდეგ კი ძმა დაიმარტოხელა და უთხრა:

– ვახო, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეგენი და-ძმა კი არა, ცოლ-ქმარი არიან და მაგრად ჩაგვიტარეს. ნაღდად ფული „აგვახიეს“ და „მოტყდნენო“.

ამის თქმა იყო და ვახტანგ ხალიანის მარჯვენა ხელმა, რუდოლფ გუგენდორფმა ნარკობარონს უთხრა:

– შეფ, თქვენი შვეიცარიული ანგარიშიდან 6 მილიონი დოლარი გაქრა. ხოლო უნგრელებისთვის გადასაცემი 30 კილოგრამი ჰეროინი კი აორთქლდა – მის ნაცვლად ტომრებში პურის ფქვილი ყრიაო.

ლინდა ხალიანი მართალი აღმოჩნდა. სინამდვილეში ბონდო და ლიკა გუგუნაურები და-ძმა კი არა, მეუღლეები – თემურ გოგრიჭიანი და ინგა ლოლაძე იყვნენ. მათ წინასწარ დაგეგმეს ყველაფერი და ფრიადზეც შეასრულეს – ვახტანგ ხალიანს 6 მილიონი დოლარი და 30 კილოგრამი ჰეროინი მოჰპარეს და უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ. წყვილზე ტოტალური ძებნა გამოცხადდა და მათ არა მარტო საერთაშორისო ნარკოსინდიკატის წევრები ეძებდნენ, არამედ „ინტერპოლიც“. თავისი გავლენის წყალობით, ვახტანგ ხალიანმა რუსეთის მთავრობის „ინტერპოლში“ ძებნის მოთხოვნა გაგზავნა. საბუთების მიხედვით, ცოლ-ქმარი მძიმე სამმაგ მკვლელობაში იყვნენ ბრალდებული და წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ, როგორც საშიში ტერორისტები.

მიუხედავად ამხელა ძალისხმევისა, ვერც თემურ გოგრიჭიანი და ინგა ლოლაძე იპოვეს და ვერც მათ მიერ გატაცებული მილიონები და ჰეროინი. წყვილი დღემდე ძებნაშია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი