ვინ და როგორ გამოსძალა 100 ათასი დოლარი ამერიკელ ბიზნესმენს ყირიმში
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 08.05

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ღვინის ფესტივალი
1988 წელს დეკემბერი მთავრდებოდა და ახალი წელიწადი კარს იყო მომდგარი. „პერესტროიკა“ ბოლო ფაზაში იყო გადასული. ქვეყანაში ქაოსი მწიფდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი ნელ-ნელა უკვე ნაწილ-ნაწილ იშლებოდა, ჯერ კიდევ ფეხზე იდგა და სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის საერთაშორისოც, ტარდებოდა. 20-26 დეკემბერს მოსკოვში ღვინის ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალზე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მოწინავე მეღვინე ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომლებიც ღვინის დეგუსტაციას ახორციელებდნენ და მოწონებულ ღვინოებს ყიდულობდნენ. ფესტივალზე კოოპერატივ „ლონდრეს“ თავმჯდომრე პავლე კოპალეიშვილიც იმყოფებოდა. კოოპერატივი ლენინგრადში იყო რეგისტრირებული. კოპალეიშვილი თაღლითი იყო და ფულს სხვადასხვა აფერისტული ხერხებით შოულობდა. „ლონდრე“ კი სახალისოდ უწოდა თავის კოოპერატივს. 39 წლის პავლეს კარგი განათლება ჰქონდა მიღებული. მას მოსკოვის უცხო ენების ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული და ინგლისურ და გერმანულ ენებზე უაქცენტოდ ლაპარაკობდა. გარდა ამისა, კოპალეიშვილი საუცხოოდ ხატავდა და შესანიშნავად იცნობდა მსოფლიო ლიტერატურას. ყველაფერთან ერთად, კოპალეიშვილს ინტელიგენტური გარეგნობა ჰქონდა, მოხდენილად იცვამდა და ძალიან რესპექტაბელურად გამოიყურებოდა. პავლე ღვინის მოსკოვურ ფორუმზე საკბილოს ეძებდა და ყურადღებით ათვალიერებდა შესაფერის კანდიდატურას.
მისტერ ბილი
ღვინის ფესტივალს ამერიკელი ბილ როტმაზერი ესწრებოდა. ეს „ბაბოჩკიანი“ შუახნის მამაკაცი ცნობილი ამერიკული ფირმის წარმომადგენელი იყო და ძველი ჩამოსხმის ღვინოები აინტერესებდა. პავლემ მას თავიდანვე „ჩაავლო“, დაუახლოვდა და მისი ნდობაც ადვილად მოიპოვა. ფესტივალის დახურვის წინა დღეს კი უთხრა:
– როგორც ვატყობ, აქ თქვენთვის საინტერესოს ვერაფერს მიაგენით, მისტერ ბილ.
– თქვენ მართალს ბრძანებთ, მისტერ პაულ. ჩემი საკბილო აქ არაფერია და ვფიქრობ, უკან ხელცარიელი დავბრუნდები. ვნანობ, რომ მოსკოვში ჩამოედი. დრო ტყუილად დავკარგე. დრო კი ფულია. ფულს ჩვენ ძალიან ვაფასებთ, – მიუგო ბილმა კოპალეიშვილს.
– მისტერ ბილ, მაინც როგორი დაძველება გაწყობთ?
– რა თქმა უნდა, ბოთლის.
– რამდენი წლის?
– ორმოცდაათის.
– ასეთი მცირე დროის?
– თქვენ, რა, უფრო ძველი ღვინო გეგულებათ სადმე?
პავლე კოპალეიშვილმა მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა და ამერიკელს უთხრა:
– მე შემიძლია, მინიმუმ, ასწლიანი ბოთლის ღვინოები შემოგთავაზოთ, მაგრამ, ცოტა არ იყოს, პატარა უსინდისობის ჩადენა მოგვიწევს და თუ თქვენ ამაზე თანახმა იქნებით, მაშინ მე თქვენ ამ საგანძურს გაგაცნობთ.
კოპალეიშვილმა ამერიკელი ისეთ აზარტში ჩააგდო, რომ მისტერ ბილს სახეზე მოუსვენრობა აღებეჭდა. თაღლითმა კი „ნაყოფის მოსამწიფებლად“ უთხრა:
– მოდი, ხვალისთვის გადავდოთ ეს საუბარი და თუკი დილით მცირე უნამუსობის ჩასადენად კვლავ მზად იქნებით, მაშინ, ჩათვალეთ, რომ ღვინოები თქვენია, თანაც საკმაოდ სარფიან ფასში.
ამ სიტყვებმა ამერიკელი უკიდურესად დააინტერესა და პავლეს მიმართა:
– მისტერ პაულ, რატომ უნდა გადავდოთ ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც დღეს შეიძლება. გარწმუნებთ, რომ მცირე უსინდისობაზე თანახმა ვარ.
კოპალეიშვილმა ამერიკელს უთხრა, რომ ღვინოები ასწლიანი დაძველებით ყირიმში, სამეფო სარდაფებშია თავიანთი პასპორტებითურთ, რომლებიც ბოთლებზეა დამაგრებული. პავლეს თქმით, ამ ღვინოების შეძენა გერმანელ ბიზნესმენს სურს და რომ თითქოს წინასწარი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია. ბოლოს კი პავლემ ასე დაასრულა:
– ამ ღვინოებს სახელმწიფო ყიდის და საკმარისია, ასიოდე ათასი დოლარი წინასწარ მისცეთ პარტიულ ფუნქციონერს, ვინც ამ საქმეზე მუშაობს, რომ გერმანელის მაგივრად ღვინოებს თქვენ წაიღებთ და თუ ასეთ მცირე უსინდისობაზე თანახმა ხართ, მაშინ ხვალ დილიდანვე შეგვიძლია, ყირიმში გავემგზავროთ.
– ეს არანაირი უსინდისობა არაა. ბიზნესში ასეთი რამეები ხშირად ხდება და თქვენს წინადადებაზე თანახმა ვარ. ფულსაც შეთანხმებისთანავე მივცემ იმ ფუნქციონერს, – სიხარულით თქვა ამერიკელმა.
მეორე დილით პავლე და ბილი ყირიმში გაემგზავრნენ.
შეშლილი ამერიკელი
პავლე კოპალეიშვილს, როგორც ყოველთვის, დიდი აფერისთვის ყველაფერი წინასწარ ჰქონდა მომზადებული. ამერიკელი წინასწარ დაჯავშნილი „ჩაიკით“ მიიყვანა საიმპერატორო ღვინის სარდაფებთან. იქ კი „პარტიული ფუნქციონერი“ დაახვედრა, რომელმაც ამერიკელს ასწლიანი და უფრო მეტი წლის დაძველების ღვინის კოლექციები დაათვალიერებინა. ამერიკელი კინაღამ ჭკუიდან შეიშალა და „ფუნქციონერს“ იქვე ჩაუთვალა 100 ათასი დოლარი. იქვე შედგა წინასწარი კონტრაქტი ღვინის შეძენის თაობაზე და მისტერ ბილი მშვიდად გაემართა სასტუმროსკენ, დაიმედებული, რომ მეორე დღეს „იაფად“ შეძენილი ღვინოები ამერიკაში გემით წაეღო. „ფუნქციონერი“ პავლეს „პაძელნიკი“, ოდესელი თაღლითი რომან ბირკინი იყო. მათ ღვინის სარდაფების დარაჯი არყით დაათვრეს და მისსავე ჯიხურში დააძინეს. ამერიკელი კი ამის მერე მიიყვანეს იქ და რადგან კვირა დღე იყო და მუზეუმი არ მუშაობდა, აფერა თავისუფლად ჩაუტარეს. მეორე დღეს ბილი უკვე ლამის გაწბილებისგან შეიშალა და კარგა ხანს აფრიალებდა კონტრაქტს, რომელიც მას თაღლითებმა შეაჩეჩეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან