კრიმინალური ისტორიები

ვინ და როგორ გაიტაცა სასწავლო მაფიის ფული

№8

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

გამქრალი ფული

ანზორ კუხიანიძე თბილისის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის რიგითი ლექტორი იყო, მაგრამ განათლების სფეროში, უფრო სწორად, სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელთა წრეებში მას ძალიან კარგად იცნობდნენ და ენდობოდნენ. საქმე ის იყო, რომ კუხიანიძე, ეგრეთ წოდებული, საგამოცდო მაფიის ნდობით აღჭურვილი პირი და მოლარე იყო. ანუ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ფულით მოწყობილების მიერ გადახდილი თანხები ანზორთან გროვდებოდა. ბოლოს კი კუხიანიძე ამ ფულს მისამართების მიხედვით ანაწილებდა და ადრესატებთან პირადად მიჰქონდა. ანზორ კუხიანიძე ვაკეში, ერთ-ერთ კერძო ბინაში ცხოვრობდა, ცოლთან და 18 წლის ვაჟთან, სანდროსთან ერთად. სახლის ჰოლში, საკიდის უკან კი მას საიდუმლო სამალავი ჰქონდა გაკეთებული და სასწავლო მაფიისთვის განკუთვნილ თანხას იქ ინახავდა. სამალავში მან მილიონ 500 ათასი მანეთი შეინახა და აგვისტოს მიწურულს უნდა დაენაწილებინა და ადრესატებისთვის მიეტანა. თუმცა, სამალავი რომ გახსნა, იქაურობა პირწმინდად გასუფთავებული დახვდა. ამ სურათის ხილვამ ანზორს ლამის ინფარქტი დამართა. მაგრამ მან ძალები მოიკრიბა და ორ ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტს – ელდარსა და ლევანს დაუკავშირდა, საქმის ვითარება აუხსნა და სთხოვა, ფული მოეძებნათ და დაებრუნებინათ, სამაგიეროდ კი, თითოეულ მათგანს 50-50 ათას მანეთს შეჰპირდა, ანუ თავის წილს ამ საქმიდან. ელდარი და ლევანი ქურდული სამყაროს ავტორიტეტები იყვნენ და სრული დატვირთვით ამუშავდნენ. კრიმინალური სამყარო, რომ იტყვიან, ყურებზე დააყენეს, მაგრამ გამქრალი ფულის კვალს ვერსად მიაგნეს. აშკარა იყო, რომ ფულის გამტაცებლები კრიმინალურ სამყაროსთან არ იყვნენ დაკავშირებული და მათი კვალი სხვაგან უნდა მოეძებნათ. ამიტომ, მათ ანზორი ხელახლა გამოჰკითხეს.

მოვლენათა ჯაჭვი

ელდარი და ლევანი ანზორის ვაჟს, კახაბერს დაელაპარაკნენ და 18 წლის ბიჭი გამოტეხეს. აღმოჩნდა, რომ მან იცოდა მამამისის სამალავის შესახებ და ქურდებს უთხრა: „სამალავს შემთხვევით მივაგენი. პერიოდულად შევიხედავდი ხოლმე და იქიდან პატარ-პატარა თანხებს ვიღებდი, რომ მამაჩემს არ შეემჩნია. ამდენი ფული მე არ ამიღია. თუმცა, მე მგონი, სიმთვრალეში ჩემს ძმაკაცთან, კობა კაციტაძესთან წამოვაყრანტალე სამალავისა და იქ არსებული ფულის შესახებ.“

ქურდებმა კობა კაციტაძე ქუჩიდან აიყვანეს, მანქანაში ჩატენეს და ტყეში, ხეზე მიბმულს აიძულებდნენ, ქურდობაში გამოტეხილიყო. 19 წლის ბიჭი კი სასტიკ უარზე იდგა. ცემასაც კი გაუძლო და ბოლოს ქურდებმა უთხრეს:

– მოიპარე და ღმერთმა შეგარგოს. ჩვენც ქურდები ვართ და ვიპარავთ, მაგრამ, ძამიკო, იმ ჩანთაში ჩვენი პისტოლეტებიც იდო და დაგვიბრუნე, ფულს კი არ ვითხოვთო.

გამოუცდელი ბიჭი ქურდების მიერ გადმოგდებულ სატყუარაზე წამოეგო და მიუგო:

– ელდარ და ლევან ბიძია, იმ ჩანთაში მხოლოდ ფული იდო და პისტოლეტები არ ყოფილაო.

ქურდებს მეტი რა უნდათ. კაციტაძეს მოკვლით დაემუქრნენ, კარგა მაგრადაც წაარტყეს და ათქმევინეს, სად ჰქონდა ფული გადამალული. შემდეგ ის ფული აიღეს და თბილისიდან ფულიანად გაუჩინარდნენ. ანზორ კუხიანიძემ რომ ეს ამბავი შეიტყო, მეტი აღარაფერი დარჩენოდა, მივიდა მილიციის სამმართველოს ურფროსთან და უთხრა:

– ელდარი და ლევანი მოძებნე, ფული ჩამოართვი და მილიონი დამიბრუნე, 500 ათასი კი შენი იყოსო.

მილიციის სამმართველოს უფროსსმა მთელი სტრუქტურა ფეხზე დააყენა. მალე ორივე ქურდი იალტაში დააპატიმრეს და თბილისში ჩამოიყვანეს, მათ მხოლოდ 20 ათასი მანეთი აღმოაჩნდათ. დანარჩენი თანხის ადგილსამყოფელი ვერ ათქმევინეს. მაშინ ორივე ქურდი ფეხებით დაკიდეს და აიძულებდნენ, სამალავი გაემხილათ. ამასობაში კი ელდარი შემოაკვდათ. ცხედარი გარეთ გაიტანეს და მტკვრის პირას დააგდეს. ლევანმა კი ფულის ადგილსამყოფელი გათქვა. გადამალულ ჩანთაში მილიონ 470 ათასი მანეთი აღმოჩნდა. მილიონი კუხიანიძეს დაუბრუნეს. დანარჩენი კი სამმართველოს უფროსმა აიღო და ოპერებზე გაანაწილა.

ანზორ კუხიანიძე მოგვიანებით ბიზნესმენი გახდა. მისი ვაჟი კი ერთ-ერთი პარტიიდან პარლამენტში შევიდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი